არასრულწლოვანებით ვაჭრობის ბრალდებით, შსს-ს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან გერებს ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთის შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ფიზიკურად უსწორდებოდა, თუ მის მოთხოვნებს არ შეასრულებდნენ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების – 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა. ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.