დააკავეს პირი, რომელმაც ბიზნესპარტნიორი მოკლა, დაწვა და რიონში გადააგდო – შსს

პუბლიკა

იმერეთის პოლიციამ 2018 წელს მომხდარი მკვლელობა გახსნა – დაკავებულია 1 პირი.

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დაკავებულია 1 პირი – 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი ა.ტ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლის მაისში ვანის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის სანაპიროზე, ლითონის კასრში პოლიციამ მამაკაცის დამწვარი ცხედარი იპოვნა. ბიოლოგიური ექსპერტიზის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა გარდაცვლილი პირის ვინაობის დადგენა – იგი 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. აღმოჩნდა.

გამოძიების მიხედვით,  ა.ტ.-მ 2018 წლის მაისში ხაშურის მუნიციპალიტეტში, ფინანსური დავის გამო,  სანადირო თოფიდან გასროლით  ბიზნესპარტნიორი – ნ. ქ. მოკლა. ბრალდებულმა ცხედარი,  ლითონის კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა.  ნაწილობრივ დამწვარი ცხედარი ა.ტ.-მ საკუთარი ავტომობილით ვანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ჩაიტანა და კასრიანად მდინარე რიონში გადააგდო.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.