დააკავეს ქალი, რომელმაც შვილიშვილს TikTok-ლაივში სცემა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ქალი 2 წლამდე ბავშვს ჭამის დროს სცემს და უყვირის, რომ წყნარად იჯდეს.
ქალს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად უკვე წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით მის პატიმრობას მოითხოვს.
„საქართველოს პროკურატურამ, 1 წლის და 2 თვის შვილიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბებიას ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბებიამ შვილიშვილზე ფიზიკურად იძალადა, რასაც პირდაპირი ეთერით გადასცემდა სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 1 სექტემბერს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი ასაკის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართვას“, – აცხადებს პროკურატურა.
განახლება: ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.