დაახლოებით, 100 მლნ დოლარის ღირებულების შეიძლება იყოს „ბორჯომის" წილი, რასაც გვჩუქნიან - პრემიერი

პუბლიკა

„დაახლოებით, 100 მლნ დოლარის ღირებულების შეიძლება იყოს „ბორჯომის” წილი, რომელსაც [ჩვენს ქვეყანას ჩუქნიან]”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია „ბორჯომთან” დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება.

„იცით, რომ არის შემოთავაზება, სახელმწიფოს, მთავრობას, ჩვენს ქვეყანას ჩუქნიან წილს. უხეშად შეიძლება ითქვას, დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების შეიძლება იყოს ეს წილი. ამიტომ, მე უკვე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს,  დასკვნა მექნება რამდენიმე დღეში და მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამ ყველაფერს დავამტკიცებთ.

„ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და გააგრძელებს ჩვენი საამაყო ბრენდი მუშაობას. რა თქმა უნდა, ყველა დასაქმებული თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და მინდა მათ მივმართო, რომ პრობლემა იქნება ამოწურული“, –  აღნიშნა პრემიერმა.

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი „ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი $460 მილიონად გაასხვისეს. კომპანიის მინორიტარულ, 40%-იან წილს, პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.

„ალფა ჯგუფის“ დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი კი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.