დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველთან“ განაცხადა, რომ დღევანდელი 5 დადასტურებული შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია. მისი თქმით, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე და ავადმყოფი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ახალ ინფიცირებულებზე შემიძლია გითხრათ, რომ ხუთიდან რომელიც დღეს დილის მერე გამოვლინდა, ყველას ისტორია ვიცით. 4 არის იმპორტირებული შემთხვევა და ვიცით, საიდან. ერთი შემთხვევა არის საკმაოდ რთული და ავადმყოფი იმყოფება მართვით სუნთქვაზე. იქ ჩვენი ჯგუფი მუშაობს, იმ საავადმყოფოში. ახლა დაბრუნდნენ და მიმდინარეობს ამჟამად დისკუსია ამ ავადმყოფთან დაკავშირებით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დაახლოებით 86 კონტაქტია იდენტიფიცირებული, მაგრამ აღნიშნავს, რომ კონტაქტი უფრო მეტია.
„დაახლოებით 86 კონტაქტია იდენტიფციცირებული, მაგრამ კონტაქტი უფრო მეტია. მათთან მუშაობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახური. იქ მიეცათ შესაბამისი რჩევა-დარიგება ადგილობრივ მედპერსონალს, სადაც წევს ავადყოფი. საავადმყოფო გადავიდა კარანტინის რეჟიმში და შემდგომ რეკომენდაციებზე ვმუშაობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველთან“.
stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში Covid 19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული.