საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა. კვლევა – „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდმა (UNFPA) წარმოადგინეს.
კვლევის მიხედვით, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ეკონომიკური ძალადობა, საშუალოდ, ყოველ მეხუთე ქალს განუცდია, ხოლო, დაახლოებით, ყოველი მესამე კაცი აცხადებს, რომ ამგვარი ქმედება ჩაუდენია.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ინტიმური პარტნიორის მხრიდან ემოციური ძალადობა ყოველ მეხუთე ქალს განუცდია. როდესაც კაცებს ჰკითხეს, მიუმართავთ თუ არა ემოციური ძალადობის სხვადასხვა ფორმისთვის, მაგალითად, პარტნიორი სხვების თანდასწრებით დაუმცირებიათ, დამუქრებიან მისი ახლობლისთვის ზიანის მიყენებით, უარი უთქვამთ ერთ ოთახში დაძინებაზე, კაცების 24%-მა უპასუხა, რომ ამგვარი ქმედება ცხოვრებაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც ჩაუდენია. ეს დაადასტურა ქალების პასუხებმაც, მათი 21% თქმით, ამგვარი ძალადობა ცხოვრებაში ერთხელ ან მეტჯერ განუცდია.
რესპონდენტების 96%-ის თქმით, პარტნიორისგან არასოდეს განუცდია ან ჩაუდენია ფიზიკური ძალადობის რაიმე ფორმა.
კვლევის მიხედვით, ქალების 5%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან. როდესაც ქალებს ჰკითხეს სექსუალური ძალადობის გამოცდილების შესახებ, პარტნიორის ან იმის მხრიდან, ვინც იმხანად მათი პარტნიორი არ იყო, 5%-მა უპასუხა, რომ ასეთი რამ მომხდარა. როდესაც კაცებს ჰკითხეს, ჩაუდენიათ თუ არა ძალადობა ინტიმური პარტნიორის ან იმ ქალის მიმართ, რომელიც იმ დროისთვის მათი პარტნიორი არ იყო, კაცების 3%-მა უპასუხა, რომ ასეთი რამ გაუკეთებია.
„ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია 2013 წლის მონაცემთან შედარებით, როდესაც კაცების 19%-მა განაცხადა, რომ პარტნიორთან სექსი მისი თანხმობის გარეშე ჰქონია, ხოლო ქალი რესპონდენტების 6%-ის თქმით, ასეთი რამ განუცდია“, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, შემთხვევების 5%-ის შემთხვევაში, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის ინციდენტს ბავშვიც შესწრებია.
თვისობრივი კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა, ძირითადად, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგია. ჯგუფური დისკუსიის მონაწილე ქალებმა და კაცებმა განაცხადეს, რომ ოჯახში ძალადობა სრულიად მიუღებელია. ძალადობის პოტენციურ მიზეზებთან და კავშირებით მიიჩნევენ, რომ ინტიმური პარტნიორის მიმართ ძალადობას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხშირად განაპირობებს სიღარიბე, ეკონომიკური სირთულეები, სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთი ერების მოხმარება, ადრეული ქორწინება და უარყოფითი გენდერული ნორმები.
რესპონდენტებს დაუსვეს კითხვები, რომლებიც, გაუპატიურების შესახებ, გავრცელებულ მცდარ წარმოდგენებს ან მითებს შეიცავდნენ. აქაც, ქალებთან შედარებით, ძალადობა კაცებისთვის უფრო მისაღები აღმოჩნდა. დაახლოებით, ყოველი მესამე კაცი მიიჩნევს, რომ, ზოგჯერ, ქალებს თავად უნდათ, რომ გააუპატიურონ, და რომ, გაუპატიურების შემთხვევაში, ქალის რეპუტაციის გამოკვლევაც აუცილებელია.
მნიშვნელოვანია, რომ კაცების ნახევარი და ქალების 30% მიიჩნევს, რომ გაუპატიურებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის შემთხვევები, როცა ქალი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევს. შესაბამისად, სექსუალური ძალადობის ფარგლებში არ მოიაზრებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა შიში და სხვა სახის იძულება.
„გაუპატიურებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერება, ისევე, როგორც გაუპატიურების შემთხვევების იდენტიფიცირება, გაზრდილია და, შედეგად, ამ ნაწილში წარმოდგენილი დებულებები უფრო სტერეოტიპულად და რეალობისთვის შეუსაბამოდ მიიჩნევა“, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევა, რომელიც შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2019 წელს ჩატარდა, აჩვენებს ქართულ საზოგადოებაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას და 7 წლის განმავლობაში ამ სფეროში მიღწეულ ცვლილებებს. კვლევის მიგნებები 2013 წელს განხორციელებული მსგავსი გამოკითხვის შედეგებთანაა შედარებული.
კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისობრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი კვლევა ფარავს მთელ საქართველოს (საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს), ხოლო თვისობრივი კვლევა ჩატარდა 5 რეგიონში. რაოდენობრივი კვლევის რეპრეზენტატული შერჩევა განხორციელდა 18 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან. რესპონდენტები გამოკითხეს პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით.
თვისობრივი კვლევა ჩატარდა ფოკუსჯგუფებში დისკუსიების (FGDs) მეთოდით.
კვლევის შერჩევის მოცულობა: 2408 რესპონდენტი. შერჩევა მოიცავს დაახლოებით 1102 კაცს (46%) და 1296 ქალს (54%).