„დაახტა თავზე" — მოქალაქე ამბობს, რომ კახა კალაძე მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა

პუბლიკა

მოქალაქე ამბობს, რომ კახა კალაძე მის შვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

„ტვ პირველის” ინფორმაციით, ინციდენტი თბილისის ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში მოხდა.

„ნოდარ მელაძის შაბათის” ცნობით, ის, ვისაც მერი გაუსწორდა, სანდრო ჩხეიძეა. თავად ჩხეიძემ ტელეარხს უთხრა, რომ მომხდარს „არც ადასტურებს, არც უარყოფს”.

თუმცა, სანდრო ჩხეიძის დედამ, ნანა ჩხეიძემ „ტვ პირველთან” მომხდარი დაადასტურა და თქვა, რომ მის შვილს, რომელიც საპირფარეშოსკენ მიდიოდა, კახა კალაძე „თავზე დაახტა”. „ტვ პირველი” ამბობს, რომ ნანა ჩხეიძე მასთან შეუთანხმებლად ჩაწერა.

„მე ხომ მხოლოდ ფაქტი გავიგე. და საქმე იმაშია, თავხედია კალაძე და მიიღო შუა თითი. მე ასე ვიცი, შუა თითი აჩვენა. და ამის შემდეგ დაახტა თავზე.

სანდრო ტუალეტისკენ მიდიოდა და აქ უკვე [კალაძე] დააფრინდა თავზე. წააქცია. ჩემმა შვილმა მომიყვა ის, რაც გითხარით, შუა თითზე. და ვერაფრით ვერ ვუთხარი, არ გრცხვენია-მეთქი? მე სულ არ ვარ შეწუხებული ჩემი შვილის საქციელით. იმავეს გავუკეთებდი, სადმე რომ შემხვდეს”.

ნანა ჩხეიძე ასევე ამბობს, რომ კახა კალაძემ მის შვილთან ე.წ ძველი ბიჭები გამოგზავნა.

„ძალიან გამიკვირდა, რომ გამოაგზავნა ხალხი – კარგი ბიჭები თუ ძველი ბიჭები, რომლებმაც ხმა ვერ ამოიღეს, იმიტომ, რომ გაეცათ პასუხი”.

„ტვ პირველის” სიუჟეტის თანახმად, მათ მომხდარის შესახებ კახა კალაძეს რამდენჯერმე ჰკითხეს, ასევე ჰკითხეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, რომელიც, ტელეარხისვე ცნობით, მომხდარის საქმის კურსშია. თუმცა, არც ერთმა მათგანმა ამაზე კომენტარი არ გააკეთა.