დააპატიმრეს პოლიციელი, რომლის ქმედებას მინეაპოლისში შავკანიანი კაცის გარდაცვალება მოჰყვა

პუბლიკა

აშშ-ში დააპატიმრეს ყოფილი პოლიციელი, დერეკ ჩაუვინი, რომლის ქმედებასაც შავკანიანი მამაკაცის ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას მისი სიკვდილი მოჰყვა.

დაკავების კადრებში ჩანს, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული შავკანიანი კაცი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება.

ნიუ-იორკ თაიმსის ინფორმაციით, მინესოტას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის კომისარმა ჯონ ჰარინგტონმა მცირე კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყოფილი ოფიცერი დერეკ ჩაუვინი მინესოტას საგამოძიებო ბიუროში, რამდენიმე საათის წინ შეიყვანეს.

როგორც კომისარი ამბობს, მას არ აქვს ინფორმაცია კონკრეტული ბრალდების შესახებ.

დაპატიმრება მოხდა მას შემდეგ, რაც მინეაპოლისის მერმა ტიმ ვალსმა მინეაპოლისში გამოსულ საპროტესტო აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ „ჩვენ შეგვიძლია აღვადგინოთ სამართლიანობა“. საპროტესტო აქციები ბოლო ორი ღამეა მიმდინარეობს. პოლიციამ მომიტინგეების საპასუხოდ, რომლებიც ქვებს ისროდნენ, ცრემლსადენი გაზი  გამოიყენა. სახანძრო სამსახურის უფროსმა კი განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქალაქის მასშტაბით დაახლოებით 30 შენობა გაანადგურეს.

მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა პოლიციის განყოფილება დაწვეს, დონალდ ტრამპის დავალებით ქალაქში ეროვნული გვარდია განლაგდა.

BBC წერდა, რომ მომიტინგეები დაკავებაში მონაწილე ოთხივე პოლიციელის დასჯას მოითხოვდნენ. მომიტინგეები, ასევე, სამართალდამცავებს მოუწოდებენ, შეწყვიტონ აფროამერიკელების მიმართ სასტიკი მოპყრობა. ასეთივე მოთხოვნა ჰქონდა დაღუპულის დას, ბრიჯიტ ფლოიდს. მას  უნდა, რომ დაკავებაში ჩართულ ოთხივე პოლიციელს ბრალი მკვლელობის ბრალდებით წარედგინოს.