#დააპაუზეუფასოდ - უფასო სამართლებრივი დახმარება მათთვის, ვისაც სესხი აქვს

პუბლიკა

საინიციატივო ჯგუფი #დააპაუზეუფასოდ კორონავირუსის პანდემიის დროს უშემოსავლოდ ან მცირე შემოსავლით დარჩენილ მოქალაქეებს სასესხო ვალდებულებებზე სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს. ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ჯგუფი ფიზიკურ პირებს სამართლებრივ დახმარებას ორი თვის განმავლობაში გაუწევს.

როგორც ღია საზოგადოების ფონდი წერს, საგანგებო მდგომარეობისა და ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების შემდეგ უშემოსავლოდ ასი ათასობით მოქალაქე დარჩა, რომელთაც სასესხო ვალდებულებების შესრულება შესაძლოა, გაუჭირდეთ.

„საქართველოში ასიათასობით ფორმალურად თუ არაფორმალურად დასაქმებული მოქალაქე სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა ან მკვეთრად შეუმცირდა შემოსავალი. შესაბამისად, ისინი ვეღარ ახერხებენ ვადამოსული სასესხო ვალდებულებების შესრულებას“, – წერს ღია საზოგადოების ფონდი.

მომსახურება, რომელიც 4 მაისიდან დაიწყო, ღია საზოგადოების ფონდის მიხედვით, ითვალისწინებს სამართლებრივ კონსულტაციას, სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და ელექტრონულად მიწოდებას.

„უფასო იურიდიული მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ შემოსავლის /სამსახურის გარეშე ან/და მკვეთრად შემცირებული შემოსავლით დარჩენილ ფიზიკურ პირებს თბილისის მასშტაბით, რომლებსაც გააჩნიათ ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ან/და ონლაინ საკრედიტო დაწესებულებების მიმართ.

ზემოხსენებული უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ:

Facebook გვერდის მეშვეობით – https://www.facebook.com/daapauzeufasod/

ელექტრონული ფოსტით – daapauzeufasod@gmail.com

ტელეფონით, ნომერზე – 599 35 55 51“, – ნათქვამია ღია საზოგადოების ფონდის განცხადებაში.