ბაქოში წუხელ აზერბაიჯანული ჯარის მხარდამჭერი მსვლელობა გაიმართა. „ყარაბაღი ჩვენია“, „დაასრულე კარანტინი, დაიწყე ომი“ – ამ მოწოდებებით ბაქოში, თავისუფლების მოედანზე ათასობით აზერბაიჯანელი გამოვიდა. როგორც აზერბაიჯანელი ჟურნალისტები წერენ, აქციები გაიმართა სხვა ქალაქებშიც.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კი წუხელ სომხეთის თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრა გამართა.
ოფიციალური ინფორმაციით, 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაწყებულ დაპირისპირებას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა. აზერბაიჯანული მხარე 11 სამხედროს დაკარგვას ადასტურებს, სომხეთი კი – 4-ის. ასევე, ერთ-ერთ დაბომბვას შეეწირა აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოქალაქეც, 76 წლის აზიზ აზიზოვი.
76 years old civilian Azizov Aziz Izzat oglu – a person with disability, was murdered in his house a result of heavy artillery attack of the Armenian Armed Forces breaching the ceasfire regime in the direction of Agdam village of Tovuz district.#Ombudsman #OHCHR #UN #theIOI #OSCE pic.twitter.com/djsxVMMjB3
— Ombudsman of Azerbaijan (@ombudsman_az) July 14, 2020
სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მათ ჩამოაგდეს აზერბაიჯანის 2 უპილოტო საფრენი აპარატი და გაანადგურეს რამდენიმე სამხედრო ობიექტი, მათ შორის აზერბაიჯანული პოზიციები, რომლებიდანაც, მათი თქმით, სომხურ სოფლებს ბომბავდნენ.
თავის მხრივ, სომხური პოზიციების დაბომბვის ვიდეოკადრებს ავრცელებს აზერბაიჯანის ხელისუფლებაც. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ იერიში მიიტანეს სომხურ პოზიციებზეც, რომლებიც მძიმე არტილერიით აზერბაიჯანულ სოფლებს ბომბავდნენ.
გუშინ ორმხირივი თავდასხმები იყო კიბერსივრცეშიც. თავდაპირველად კიბერშეტევა სომხურ ვებგვერდებზე მოხდა. თავდასხმის შემდეგ გაითიშა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ვებგვერდები. მოგვიანებით კი ჰაკერები თავს დაესხნენ აზერბაიჯანს. შეტევის შედეგად 2 000-მდე როუტერი გატეხეს და ინტერნეტ ტრეფიკი სომხურ გვერდზე გადაამისამართეს, სადაც სომხეთის დროშის ფონზე აზერბაიჯანელი ჰაკერებისადმი დამცინავი მიმართვა ჩანდა, რომელიც კიბერშეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 60 კილომეტრში, აზერბაიჯანულ მხარეს თოუზის რაიონსა და სომხურ მხარეს– ტაუშის რაიონში დაიწყო.
12 ივლისს მომხდარ ინციდენტში სომხეტი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 12 ივლისს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა სამშვიდობო შეთანხმება უხეშად დაარღვიეს და თოუზის რაიონის მიმართულებით არტილერიიდან ცეცხლი გახსნეს.
სომხეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელი აზერბაიჯანია. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდაპირველად აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სცადეს სომხეთის საზღვრის გადაკვეთა, მოგვიანებით კი სომხურ პოზიციებს დაესხნენ თავს.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამწვავებულ სიტუაციას გამოეხმაურა თურქეთი და რუსეთიც. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „სომხეთის მოქმედებები მიუღებელია“ და მათ უნდა ახსოვდეთ, რომ აზერბაიჯანი მარტო არ არის, თურქეთი მუდამ მათ გვერდით იქნება.
კრემლმა კი ორივე მხარეს დამშვიდებისა და სიტუაციის კონტროლისკენ მოუწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა სერგეი ლავროვმა კი საზღვარზე დაწყებული დაპირისპირება აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბარში განიხილა.
__________________
პუბლიკა ემიჯნება ომისა და ძალადობისაკენ მოწოდებას.