დაავადება აღმოაჩნდა დაცვის წევრს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა - ჯაღმაიძე

პუბლიკა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს, რომ საპატრიარქოს დაცვის წევრს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საპატრიარქოს შიდა შენობასა და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონია.

„ზოგადად, საპატრიარქოს დაცვის სამსახური არ ჰყავს. მის დაცვას ახორციელებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. დროდადრო ხდება თანამშრომლების როტაცია.

დაავადება აღმოაჩნდა ამ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც საპატრიარქოში შემოსასვლელს აკონტროლებდა. ვისთან ერთადაც ასრულებდა სამუშაოს, კიდევ ორ თანამშრომელს ასევე ჩაუტარდათ კვლევები და მათ არ დაუდასტურდათ ვირუსი.

დაცვის ამ წევრს საპატრიარქოს შიდა შენობასთან და თანამშრომლებთან სხვა კონტაქტი, გარდა შემოსასვლელი პუნქტისა არ ჰქონდა, “- წერს ანდრია ჯაღმაიძე.

„პუბლიკას“ დაცვის თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურშიც, რომლის მოვალეობაშიც შედის საპატრიარქოს დაცვა. უწყების განმარტებით, ინფიცირებული თანამშრომელი საპატრიარქოს შენობას იცავს და სასულიერო პირებთან შეხება არ ჰქონია. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება.

ამ დილით გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსი ერთ სასულიერო პირს დაუდასტურდა. სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ვირუსი მისი ოჯახის სამ წევრსაც დაუდასტურდა. მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვერაზე მდებარე წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში მსახურობდა. საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, მან საეკლესიო მსახურება რამდენიმე დღის წინ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  296 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, 3 – გარდაცვლილი.