„დაბა ბაკურიანში თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი“ - „კრისტალ ჯგუფის“ დამფუძნებელი ვლადიმერ სტეფანიანი დააკავეს

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირი, ვლადიმერ სტეფანიანი დააკავეს.

„საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ კრისტალ ჯგუფის კომერციული დასახელების ქვეშ გაერთიანებული შპს ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის და შპს ჰოტელს მენეჯმენტ გრუპის დამფუძნებელმა პირმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო, კერძო სათხილამურო ტრასა და ტობოგანი, რომლის გამოყენების შესაძლებლობაც ჰქონდათ მხოლოდ კრისტალ ჯგუფის მომხმარებლებს.

უნებართვოდ აშენებული სასტუმრო-აპარტამენტების რეალიზაციის შედეგად, უკანონოდ მიღებულმა შემოსავალმა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი შეადგინა. ამ ეტაპისთვის გამოძიებით დადგენილია, 1 894 925 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი“,- ნათქვამია განცხადებაში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, 218-ე მუხლის მეორე ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.