დაბალია მოზარდების ინფორმირებულობა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის, აივ/შიდსის შესახებ | დოკუმენტი

პუბლიკა

დეპუტატების, მიხეილ ყაველაშვილისა და ირინე ფრუიძის, ავტორობით პარლამენტში შემუშავებულია „საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის 2020-2030 კონცეფცია”.

2019 წელს საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნა „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მონიტორინგისა და განვითარების სამუშაო ჯგუფი“, პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, გაანალიზდა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის ხარვეზები და ნაკლოვანებები, ასევე განისაზღვრა ახალგაზრდების საჭიროებები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და მათი პრიორიტეტები.

საქართველოს პარლამენტის „2020-2030 წლებისთვის სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ პროექტი განსაზღვრავს მომდევნო წლებში სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად ამოცანებს.

როგორც პროექტშია ნათქვამი, კონცეფციის მიზანია საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა,  ახალგაზრდების განვითარებისა და მათი პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა,  ახალგაზრდების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა,  ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება და ა.შ.

დოკუმენტის მიხედვით, კონცეფციის შემუშავებას წინ უსწრებდა საქართველოს 12 თვითმმართველ ერთეულში 300-მდე ახალგაზრდასთან (19-29 წლის) ჩატარებული საკონსულტაციო შეხვედრები, ასევე – 1 400-მდე მოზარდის (14-18 წლის) ელექტრონული გამოკითხვა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2019 წლის მონაცემებით, მოზარდებში მაღალია თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების მაჩვენებელი. ასევე პრობლემურია არალეგალური ნარკოტიკების, კერძოდ, მარიხუანის მოხმარება.

„საქართველოში ქიმიური და ქცევითი ადიქციის კუთხით ძალიან პრობლემურია ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ე.წ. „ბიო ნარკოტიკების“) მოხმარება და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. ახალგაზრდებში საძილე-დამამშვიდებელი საშუალებების და ბიო ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებლები ანალოგიურ საშუალო ევროპულ მაჩვენებლებს აღემატება. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავად მოხმარების, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისა და ტექნოლოგიური ადიქციის პრობლემა მკაფიოდ გამოიკვეთა ახალგაზრდებთან საკონსულტაციო შეხვედრებზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კონცეფციაში, ასევე, საუბარია ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონეზე ჯანმრთელობის საკითხების მიმართ.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ახალგაზრდებისა და მოზარდების ინფორმირებულობის დონე დაბალია, როგორც რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის, აივ/შიდსის შესახებ: „ეს არა მარტო ზრდის ინფექციის მიმართ მათ მოწყვლადობას, არამედ ამძაფრებს აივ პოზიტიური ადამიანების მიმართ სტიგმასა და დისკრიმინაციულ განწყობებს, რაც თავისთავად აფერხებს აივ-ინფექცია/შიდს-ზე სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებას.”

რაც შეეხება ადრეულ ასაკში ქორწინებას, დოკუმენტის მიხედვით, ბავშვთა ქორწინების და მოზარდობის ასაკში ორსულობის მაჩვენებლები საქართველოში აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებლებს აღემატება.

„2018 წლის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის თანახმად, 20-24 წლის გოგონების 13.9% დაქორწინდა 18 წლის ასაკამდე. ეს მაჩვენებელი არ შემცირებულა 2010 წლის შემდეგ.

დღესდღეობით ჯანდაცვის სისტემაში არ არსებობს მოზარდებისა და ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული, მათდამი მეგობრული სერვისები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სფეროში, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბავშვთა/ნაადრევი ქორწინებისა და მოზარდობის ასაკში ორსულობის პრევენციისათვის”, – ნათქვამია დოკუმენტში.

კონცეფციის მიხედვით, საკონსულტაციო შეხვედრებზე ახალგაზრდები ხაზს უსვამდნენ ადრეული ქორწინების და გენდერული ნიშნით ძალადობის პრობლემებს. სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ბავშვის/ადრეულ ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის დაძლევა, რაც არსებითია გენდერული თანასწორობის მისაღწევად და ყველა ადამიანის მდგრადი, თანასწორი განვითარებისათვის.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ქორწინების კანონიერ ასაკსა და გენდერული ნიშნით ძალადობის სამართლებრივ რეგულაციებზე. ასევე, ახალგაზრდა თაობის აღჭურვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციით სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პრინციპებზე. აუცილებელია სტიგმის შემცველი მიდგომებისა და პრაქტიკის აღმოფხვრის ხელშეწყობა, იმ სოციალური ნორმების ცვლილება, რომლებიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს ამყარებს.

რაც შეეხება რეპროდუქციულ ჯანმართელობას, კონცეფციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხებზე ახალგაზრდების მეტი ინფორმირებულობისათვის საჭიროა მათთვის მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება ფორმალური და არაფორმალური განათლების გზით, სწავლების განახლებული სტანდარტის ადეკვატური ასახვა ახალ სახელმძღვანელოებში და მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება. არანაკლები მნიშვნელობისაა საზოგადოებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება და მათი მხარდაჭერის მობილიზება. საჭიროა, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლებში ინტეგრირდეს სპეციალური ფუნქცია – ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურება და ამ სერვისების განვითარებაში ახალგაზრდების (განსაკუთრებით, თანატოლ- განმანათლებლების) ჩართვა.