ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” გამოდის ინიციატივით, რომ დაბრუნდეს პრეზიდენტი არა კოლეგიამ, არამედ ხალხმა აირჩიოს – დაბრუნდეს პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესი.
ინიციატივის შესახებ გახარიას გუნდის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტში ისაუბრა.
პარტია მიიჩნევს, რომ თუ მომავალი პრეზიდენტს ხალხი აირჩევს ეს უზრუველყოფს პრეზიდენტის მაღალ ლეგიტიმაციას და დამოუკიდებლობას „რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საშინაო პოლიტიკაში არსებული მაღალი პოლარიზაციის და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით”.
განცხადება:
„30 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მორიგი გამოჩენისას, აღიარა ბალანსის პრობლემა ხელისუფლებაში და ამ პრობლემის კონსტიტუციური მოწესრიგების ნაცვლად, საკუთარი თავი შემოგვთავაზა საკუთარი მთავრობის დამბალანსებლის როლში.
დემოკრატიულ სისტემებში, მსგავსი რამ, უბრალოდ, არ არსებობს, მიუღებელია, და, რაც მთავარია, შეუძლებელია ერთი ადამიანი წარმოადგენდეს სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტს, მით უფრო, საკუთარი თავის დამბალანსებლის გარანტს.
სახელმწიფო მართვისას დამოუკიდებელი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტების (და არა ცალკეული ადამიანების) არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელისუფლებო შტოებს შორის წონასწორობის შენარჩუნებისა და ბალანსის უზრუნველყოფისთვის. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა ამაში ყველა დაგვარწმუნა.
ამიტომ, ჩვენი გუნდი, პარტია საქართველოსთვის, წარვადგენთ ინიციატივას შეიცვალოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესი და საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, საარჩევნო კოლეგიის ნაცვლად, კვლავ პირდაპირი წესით აირჩიონ საქართველოს მოქალაქეებმა.
ეს უზრუნველყოფს მომავალი პრეზიდენტის მაღალ ლეგიტიმაციას და დამოუკიდებლობას, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენს საშინაო პოლიტიკაში არსებული მაღალი პოლარიზაციის და რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების თვალსაზრისით.
ბოლო სამი წლის პრაქტიკამ აჩვენა, რომ პირდაპირ არჩეულმა პრეზიდენტმა (მიუხედავად იმისა, ვინ იყვნენ მისი მხარდამჭერები წარსულში თუ დღეს), გაცილებით მეტად შეძლო დამბალანსებლის ფუნქციის შესრულება.
აღარაფერს ვამბობთ, საერთაშორისო მაგალითებზე, როდესაც სისტემის საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფოებს შეუცვლიათ მოქმედი პრაქტიკა და დაუბრუნებიათ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, როგორც ეს მოხდა მაგალითად, ჩეხეთში 2012 წელს.
ვთავაზობთ ოცნების ხელისუფლებას, საგაზაფხულო სესიიდანვე დავიწყოთ ამ ცვლილებაზე მუშაობა, მხარდაჭერას ვთხოვთ ასევე ოპოზიციური საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებისა და ჯგუფების წარმომადგენლებს, დამოუკიდებელ დეპუტატებს.
საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის დაბრუნება, საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევამდე სრულად მოსწრებადია”.
სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის უფლებამოსილების ვადა 2024 წელს ეწურება. ახალ პრეზიდენტს 300 ადამიანისგან შექმნილი კოლეგია აირჩევს.
კონსტიტუციით, სწორედ ამ კოლეგიის 30 წევრს აქვს პრეზიდენტის კანდიდატურების დასახელების უფლება. შესაძლებელია 10 კანდიდატის დასახელება.
პირველ ტურში, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვისაც ექნება კოლეგიის 2/3-ის მხარდაჭერა.
თუ კანდიდატმა ხმათა ეს რაოდენობა ვერ მიიღო, მაშინ ტარდება მეორე ტური, რის შემდეგაც გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირი, ვინც მეტ ხმას მიიღებს.
ქვეყანას ახალი პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეყოლება.