1989 წლის 9 აპრილის პროტესტის მონაწილე ნანა მახარაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
„საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ქვეყნის „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას“ შეეხება, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყანა მყარად ვერ დგას ორივე ფეხზე… „ცალ ფეხზე“ დგომა, მავანთ „ღირსების აყრად“ მიაჩნიათ… დაჩოქილი საქართველოთი კი არასოდეს გავახარებთ ოკუპანტებს… ჩვენ ბრძოლით და სისხლით მოვიპოვეთ საკუთარი დამოუკიდებლობა და თავისუფლება! ბოლომდე ვფიქრობდი რომ ჩვენმა განვლილმა გზამ თუ ისტორიამ, რაღაც მაინც გვასწავლა… დავბრუნდი სამშობლოში და ვეძებ საკუთარ ქვეყანას!!!
ნუთუ ღირს ერთი კანონი ქართველი ხალხის ასეთ დაპირისპირებად… საით მივდივართ?…. რა შედეგს მოიტანს ეს პოლარიზაცია? რატომ ხდება, რომ გაერო, ევროკავშირი, აშშ ჩვენთვის „რადიკალური ოპოზიციაა“? რატომ ხდება, რომ „აყვავებული ეკონომიკის“ დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყნიდან გარბიან ადამიანები? რატომ ეშინია მომავლის ამ ქვეყანაში ახალგაზრდებს? და რატომ ვერ შევიგნეთ, რომ ჩვენ უკან დასახევი გზა არ გვაქვს… ჩვენი ადგილი ცივილიზებული სამყაროშია, ჩვენ ვიმსახურებთ ღირსეულ ცხოვრებას, “- წერს ის.
პარლამენტმა დღეს დაუგეგმავად განიხილა და კენჭიც უყარა რუსულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლებიც უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. პარლამენტმა კანონპროექტი I მოსმენით, 76 ხმით უკვე მიიღო, წინააღმდეგი იყო 13 დეპუტატი.
მოქალაქეები პროტესტის მიზნით შეიკრიბნენ პარლამენტთან. მოგვიანებით სპეცრაზმმა მათი დარბევა დაიწყო.