რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიესალმება საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში შესასვლელად სავიზო რეჟიმის გაუქმებას.
„ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით. ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში.
ჩვენ არაერთხელ მივმართავდით რუსეთის პრეზიდენტს, რომ მოხსნილიყო ყველა არსებული ბარიერი, მით უმეტეს, რომ საქართველოს არა აქვს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან. ვისაც არ უნდა რუსეთში ჩამოსვლა, შეუძლია არ ჩამოვიდნენ. მე არ ვიცი, იცოდა თუ არა ქართულმა ოცნებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ელოდა ამ გადაწყვეტილებას. პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას. შესაძლოა ეს არ მოხდეს ახლო მომავალში, მაგრამ საქართველოში ჩემი ბევრი ნათესავია დაკრძალული. არ ვიცი, შემომიშვებენ თუ არა საქართველოში, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ხელისუფლებაზე”,- ამბობს გავრილოვი. [„მთავარი არხის“ თარგმანი]
სწორედ გავრილოვის ვიზიტს უკავშირდება 2019 წელს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების გაუქმება.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულების მიხედვით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.
რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, 15 მაისიდან გაუქმდება. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება 90 დღემდე ვადით შეეძლებათ.
რაც შეეხება რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე აკრძალვის მოხსნას, უკვე გამოქვეყნდა ვლადიმერ პუტინის შესაბამისი ბრძანება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება საქართველოში ფრენის აკრძალვის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადდა.
რუსული ავიაკომპანიები მოსკოვიდან თბილისში, კვირაში 7 პირდაპირ რეისს შესრულებენ. ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უთხრა რუსულ მედიას.
2000 წელს საქართველო აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა დსთ-ის ქვეყნებიდან, რომელსაც რუსეთმა დაუწესა სავიზო რეჟიმი. 2006 წელს რუსეთმა დააწესა ემბარგო ქართული პროდუქციის იმპორტზე, შეწყდა, საჰაერო მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს შორის. იმავე წლის ზამთარში რუსეთმა საქართველოს მოულოდნელად შეუწყვიტა გაზის მიწოდება.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმი 2012 წელს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ცალმხრივად გააუქმა.
2019 წელს პუტინის გადაწყვეტილებით, პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის შეწყდა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ – როდესაც დიდი სახალხო პროტესტი მოჰყვა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომასა და სესიის რუსულ ენაზე ჩატარებას.