„მომეჩვენა, რომ თქვენ დღეს გქონდათ აბსოლუტურად პოლიტიკური გამოსვლა და არა ანგარიშგება იმ ინსტიტუციის მიმართ, რომლის მიმართაც ხართ კიდეც ანგარიშვალდებული. ამიტომ უბრალოდ კითხვას დაგისვამთ – რაიმე დადებითი ტენდენცია თქვენს მონიტორინგის არეალში მოხვდა თუ არ მოხვდა? ამაზე ვიქნები ძალიან მადლობელი და ალბათ ყველა ჩემი კოლეგა თუ მოისმენს, მოსახლეობა გვისმენს და აპოკალიფსური სცენარები ყელში გვაქვს ამოსული“, – მიმართა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას პარლამენტში, სადაც სახალხო დამცველმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
„რიტორიკულად მინდა გკითხოთ – ანგარიში ნიშნავს თუ არა იმის მოყოლას, რომ არსებობს რაღაც დადებითი და არსებობს რაღაც უარყოფითი, იმიტომ, რომ გისმენდით მართლა მგონია, რომ… თან გულწრფელად მინდა გითხრათ, ვიცნობ რა თქვენს კონსტრუქციულ ბუნებას და არაერთი ცნობილი მოვლენისას მე მინახავს, თქვენ რამდენად ობიექტური და კონსტრუქციული ხართ, ახლანდელი გამოსვლით… უბრალოდ არ ჩათვალოთ, რომ შენიშვნას გაძლევთ, თუმცა ნამდვილად გგულშემატკივრობთ ისე, როგორც თითოეულ ინსტიტუციას, რომელიც არის ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის მიმართ“, – განაცხადა ოდიშარიამ.