დადებითობის მაჩვენებელი იკლებს და სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს – გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ სტაბილიზაციის ნიშნებია.

„გუშინ იყო შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 1800 დღის განმავლობაში, თუმცა ტესტების რაოდენობა იყო 13 000; ბოლო 2 დღე 13 ათასამდე მერყეობს. საყურადღებოა ისიც, რომ დადებითობის მაჩვენებელიც იკლებს, რაც რეალურად მიანიშნებს იმას, რომ სტაბილიზაციის ნიშნები გვაქვს“, – აღნიშნა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტესტირების აქტივობა შენარჩუნდეს, რადგან გამოვლინდეს ინფიცირების ყველა შემთხვევა და დროულად მოხდეს იზოლირება.

„ამდენად, თხოვნა მექნება ყველასთან, თუ ოდნავ მაინც თავს შეუძლოდ გრძნობს ადამიანი, მნიშვნელოვანია მოვიდეს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში – 200-ზე მეტი ადგილია (ვიცით ყველამ, სად არის ადგილები) და ჩაიტაროს ტესტირება. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად წინასაახალწლო განწყობაა მაინც და ყველა ერიდება სამედიცინო დაწესებულებაში მოსვლას, მაინც კარგი იქნება, რომ ყურადღება მივაქციოთ თუნდაც სიცხის მომატებას ან ხველის სიმპტომებს იმისთვის, რომ არ შესუსტდეს ტესტირების ინტენსივობა და იმ 20 ათას სამიზნეს, რომელიც გვქონდა, მივაღწიოთ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ ასევე ისაუბრა საწოლების რაოდენობასა და დატვირთვაზე. მისი თქმით, გარკვეული შემსუბუქება ამ მიმართულებითაც შეინიშნება:

„რაც შეეხება საწოლების რაოდენობას და დატვირთვას, გარკვეული შემსუბუქება აქაც შეინიშნება. დილის მდგომარეობით კლინიკაში იყო 5672 პაციენტი, მათ შორის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება 350 და ინტენსიური თერაპია სჭირდება 1257 პაციენტს. თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით იზრდება. აჭარაში, მაგალითად, 400-ზე მეტი თავისუფალი საწოლია და შემთხვევების რაოდენობა 100-ზე ნაკლები იყო გუშინდელი მდგომარეობით, რაც პირველი შემთხვევააა ბოლო პერიოდის განმავლობაში“, – თქვა გაბუნიამ ბრიფინგზე.

გაბუნიას ცნობითვე, მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით 1664 თავისუფალი საწოლია, რაც, მისივე თქმით, კარგის ნიშანია და მიუთითებს იმას, რომ მძიმე შემთხვევები, რომელსაც დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია, არ გვაქვს.


დღეს, 25 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 1515.