დადებითობის წილი 8%-მდე დაეცა, რაც საიმედო მაჩვენებელია - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსზე ყოველდღიური ტესტირებიდან დადებითი 10%-ზე დაბალი პირველად დაფიქსირდა, რაც იმედის მომცემია.

„ერთი საიმედო და კარგი ნიშანი არის ის, რომ პირველად ამდენი თვის განმავლობაში 8%-ზე ჩამოვიდა, 19 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა და იქიდან დადებითი იყო დაახლოებით 8%. პირველად მოხდა, რომ ჩვენ ჩამოვედით 10%-ზე დაბლა და ეს არის საიმედო მაჩვენებელი“, – განაცხადა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

თუმცა, პაატა იმნაძის თქმით, დადებითი ტენდენციების მიუხედავად, ქვეყანაში შეზღუდვები ფრთხილად უნდა შემსუბუქდეს, რადგან, მისი თქმით, ისევ არის რისკი, რომ შემთხვევების რაოდენობა სწრაფად გაიზარდოს.

„როდესაც არის 1600 შემთხვევა, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ 100-2000-დან ავედით 5 000-ზე. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ როცა გაიხსნება ბიზნესი, ამხელა რიცხვებს არ მიაღწევს“, – თქვა იმნაძემ.