დადგენილება არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვები 15 ივლისამდე მოიხსნება – მთავრობის ადმინისტრაცია

პუბლიკა

შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 15 ივლისი, თუმცა ეს არ გამორიცხავს, მათი ნაწილი, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, უფრო ადრე მოიხსნას, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

„ისევე, როგორც ცალკეული ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის გადაწყვეტილება დადგენილ ვადაზე ადრე იყო მიღებული, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დარჩენილი შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზე გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს, რის შემდეგაც დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ დადგენილება გუშინ გამოქვეყნდა. 

დადგენილება 15 ივლისამდე მოქმედებს და დადგენილების მიხედვით, მიმოსვლა შემდეგნაირად რეგულირდება:

საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ კვლავ შეჩერებულია:

  • სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა, გარდა სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლისა, რომლის ფარგლებში სატვირთო გადაზიდვების შეუფერხებლად წარმოების მიზნით ხდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ შემუშავებული გრაფიკით თანამშრომლების გადაადგილება/გადაყვანა საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე და პირიქით, საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოსთან არსებულ ოპერაციულ შტაბთან (შემდგომში – ოპერაციული შტაბი) შეთანხმებით;
  • საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;
  •  საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება;
  •  რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქვეყნის შიგნით მგზავრთა გადაყვანის მიზნით. არარეგულარული (ჩარტერული) ფრენების განაცხადი განიხილება ინდივიდუალურად, სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.