შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაკის პარკში 13 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს.
„მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა დარახველიძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტები.
„ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოების შემსრულებელი შპს „გრინ სერვის პლუსის“ დირექტორის, დამფუძნებლებისა და სხვა თანამშრომლების გამოკითხვები, ასევე გამოიკითხებიან ის პირები, ვინც ექსპერტიზა ჩაუტარა დასრულებულ ობიექტს.
საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა.
ასევე, გამოძიება დეტალურად შეისწავლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა.
„სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო ექსპერტიზა, ასევე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებთ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.
გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა დარახველიძემ.