„მომხდარი ტრაგედია კიდევ ერთხელ აჩვენებს 5 და 6 ივლისს გამოვლენილი ძალადობის სისასტიკეს და ხელისუფლების დემონსტრაციულ უპასუხისმგებლობას, რომელმაც არა მხოლოდ არ უზრუნველყო საკმარისი საპოლიციო რესურსების და სტრატეგიების გამოყენება აქციაზე მასშტაბური ძალადობის პრევენციისა და აღკვეთისთვის, არამედ პოლიტიკური განცხადებებით წაახალისა და დაუშვა კიდეც ეს ძალადობა მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე”, – სოციალური სამართლიანობის ცენტრი „TV პირველის” ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება.
„ამ დრომდე არაეფექტიანი ჩანს მიმდინარე გამოძიების პროცესიც, რომელიც ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ინდივიდუალურ შემთხვევებზე რეაგირებს და არაფერს აკეთებს ძალადობის ორგანიზების და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების კვალიფიკაციით გამოძიების წარმართვისთვის. ძალადობრივი აქციის ლიდერები, რომელთა ორგანიზებით თავს დაესხნენ მედიის 52 თანამშრომელს და კიდევ რამდენიმე მოქალაქეს, ამ დრომდე თავისუფლად აგრძელებენ მათი საინფორმაციო არხებით ძალადობრივ და აგრესიულ რიტორიკას. აქციიდან 5 დღის შემდეგ, გამოძიების ეს დინამიკა ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების შეწყნარების კიდევ ერთი დემონსტრაციული აქტია.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ 5-6 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები და დღეს უკვე ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების ეს უმძიმესი და ტრაგიკული გამოცდილება ერთმნიშვნელოვნად პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
სამწუხაროა, რომ ჩვენს რეალობაში, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც ჰუმანიზმის და სოციალური მსახურების იდეით უნდა მუშაობდეს და ღვაწლს სწევდეს, მოძალადე ჯგუფების მხარეს დგას და 2013 წლის 17 მაისის ტრაგედიის შემდეგ, კვლავ ძალადობრივი აქციების ორგანიზატორად მოგვევლინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,
- სამართალდამცავმა ორგანოებმა ლექსო ლაშქარავს საქმეზე გამოძიება წარმართონ დროულად, ეფექტიანად და გამჭვირვალედ. ასევე, საქმის მსვლელობის ყველა ეტაპზე საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და მისი შედეგების თაობაზე;
- 5-6 ივლისის მოვლენები სრულყოფილად იყოს გამოძიებული და უპირველეს ყოვლისა, დროულად დადგინდეს ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა;
- საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს 5-6 ივლისის მოვლენების შესწავლა და გამოიყენოს ყველა შესაძლო საპარლამენტო მექანიზმი, რათა დადგინდეს, თუ რა ტიპის პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა აქვთ ამ მოვლენებში პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს”, – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
დღეს გამთენიისას „TV პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. მას 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. თავდასხმის შემდეგ ლექსო ლაშქარავას დაზიანებული ჰქონდა სახის ძვლები და ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
ამ დროისთვის ლექსო ლაშქარავას ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.