დაფინანსდება ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების რეაბილიტაცია

პუბლიკა

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, დაფინანსდება ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია.  ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებებს ამ დიაგნოზით წლის განმავლობაში 6 000-მდე პაციენტი მიმართავს. პროგრამის წლიური ბიუჯეტი კი, დაახლოებით, 11 მილიონი ლარია.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი მდგომარეობის რეაბილიტაცია პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს, დროულად დაიბრუნონ ფუნქციური უნარ-ჩვევები და თვიდან აიცილონ მძიმე შეზღუდვების ჩამოყალიბება. პროგრამა მოიცავს რეაბილიტაციის სრულ კურსს.

„ეს პროგრამა საკმაოდ მოცულობითი და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, რეაბილიტაციის კომპონენტის გარდა, სამინისტრო ინსულტის მძიმე შედეგების პრევენციის ახალი მოდელის დანერგვაზეც მუშაობს – ინსულტის შემთხვევაზე, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადა მაქსიმალურად სწრაფად მოახდენს რეაგირებას და პაციენტს, ჩვენების მიხედვით, იმ კონკრეტულ კლინიკებში გადაიყვანს, სადაც მას ოპერატიულად დაეხმარებიან“,  – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.