დაფინანსება რუსეთიდან | ოპოზიცია „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვს

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვენ. საქმე ეხება პლატფორმა „დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას, რომლის მიხედვით, რუსეთი საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში ჩარევას და გავლენის მოხდენას სწორედ „პატრიოტთა ალიანსთან“ თანამშრომლობით ცდილობს. საუბარია რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობასა და ინფორმაციის მიწოდებაზე,  ასევე დაფინანსებასა და რამდენიმემილიონიან ბიუჯეტზე, რომლის გადახდასაც კრემლი „პატრიოტთა ალიანსისთვის“ აპირებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ნორმალურ სახელმწიფოში თუ ამგვარი დაფინანსების შესახებ გახდებოდა ინფორმაცია ცნობილი, დაუყოვნებლივ დაინტერესდებოდნენ ამ საკითხით, არა მხოლოდ აუდიტის სამსახური, არამედ პროკურატურაც.

„საქართველოს კანონი კრძალავს უცხო ქვეყნის ფინანსური სახსრების შეღწევას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეს, როდესაც ხდება პირდაპირ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს მხრიდან. დემოკრატიულ სახელმწიფოში სწორი იქნებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნა“, – ამბობს თინა ბოკუჩავა.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე კი ამბობს, რომ ეს დოკუმენტები ცხადყოფს არა მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“, არამედ მმართველი პარტიის გეგმებსაც.

„პარტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ღიად იყო ასოცირებული „ქართულ ოცნებასთან“, რომელსაც „ქართული ოცნება“ ღიად მიიჩნევს თავის კოალიციურ პარტნიორად, ფინანსდება რუსეთიდან. ეს არის საფუძველი არა მარტო ინაშვილის არჩევნებიდან მოხსნის, არამედ იმის გააზრების, თუ რას აკეთებს „ქართული ოცნება“ და რა ამოცანები აქვთ ამ არჩევნებში“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„დოსიეს“ მიხედვით, მათ მოიპოვეს დოკუმენტები გენერალ ვლადიმერ ჩერნოვის სამდივნოდან. ეს არის სამუშაო ფინანსური დოკუმენტები და ანგარიშები. სწორედ ამ დოკუმენტებში ფიგურირებს „პატრიოტთა ალიანსი“.

„დოსიეს“ ინფორმაციით, შედგენილია 4-თვიანი ბიუჯეტი წინასაარჩევნოდ „პატრიოტთა ალიანსისათვის“. საუბარია 8 430 625 აშშ დოლარზე, რომლითაც უნდა დაფინანსდეს წინასაარჩევნო კამპანია. პარტიისთვის დაქირავებულია კომპანია POLITSECRETS  და პოლიტიკური პიარტექნოლოგი სერგეი მიხეევი. როგორც „დოსიე“ წერს, თავად მიხეევს ხელმძღვანელობს გენერალ ჩერნოვის ხალხი – FSB სარეზერვო პოლკოვნიკი ვალერი მაკსიმოვი და GRU ოფიცერი ვალერი ჩერნიშიოვი.

ფოტო: დოსიე

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე პლატფორმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო: „მე არ ვიცი, ეს რა სააგენტოა – რუსეთში ასობით ასეთი სააგენტო არსებობს და სააგენტო „დოსიეს“ მიერ შეთხზული ე.წ. ინფორმაცია ან გამოტანილი დასკვნა არანაირად არ შეიძლება განიხილებოდეს ფაქტად“.  თუმცა მანვე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ნამდვილად თანამშრომლობს პარტია რამდენიმე საკონსულტაციო კომპანიასთან და ასეთი მათ 4 კომპანია ჰყავთ.