დაფინანსებას და სხვა პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები, რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შეუწყვეტს მანდატს ყველა იმ ოპოზიციონერ დეპუტატს, ვინც შესაბამის განცხადებას წარადგენს. მისი თქმით, ასეთი ოპოზიციური პარტიები ასევე ვერ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას.

„სახელმწიფო დაფინანსებას და სხვა შესაბამის პრივილეგიებს ვერ მიიღებენ პარტიები რომლებიც პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები.

კანონში შევა ცვლილება, რომელიც დაინიცირდება, როგორც კი შეიკრიბება პარლამენტი. კანონში შევა ცვლილება, რომლის საფუძველზეც ის პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ მანდატებზე, ვერ მიიღებენ დაფინანსებას.

აქ სამართლებრივი ლოგიკა არის ძალიან მარტივი – კონკრეტული ხმების საფუძველზე და კონკრეტული საქმიანობისთვის იღებენ პარტიები დაფინანსებას, ანუ ეს დაფინანსება პირდაპირ არის დაკავშირებული არჩევნების შედეგებთან  და ასევე იმ საქმიანობასთან, რომელიც საპარლამენტო მუშაობას უკავშირდება.

თუ პარტია უარს ამბობს ხმებზე და არ ცნობს ამ ხმებს ლეგიტიმურად და, მეორე მხრივ, უარს ამბობს საპარლამენტო მუშაობაზე, რაც პარტიული მუშაობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, ასეთ შემთხვევაში, ასეთ პარტიას არ აქვს სამართლებრივი უფლება, მიიღოს დაფინანსება. ეს არის სამართლებრივი არგუმენტი, რომლითაც დაინიცირდება შესაბამისი ცვლილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.