დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცავების მიმართ. დაისჯებიან უმკაცრესად - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამართალდამცავების მიმართ არის ძალადობის შემთხვევები და კანონდამრღვევები დაისჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით.

„რაც შეეხება პარლამენტთან მიმდინარე აქციას, იქ არიან გულწრფელი მოქალაქეები და ასევე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან, რომ სარგებელი ნახონ ამ პროტესტიდან. სამწუხაროდ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცავების მიმართ. არის სერიოზული ფიზიკური დაზიანებები სამართალდამცავების შემთხვევაში. ნებისმიერი კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი და ბოლო საკითხი რასაც ასევე მინდა შევეხო, ვრცელდება ამ კანონპროექტის ინიციატორებისა და მხარდამჭერების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს. ეს არის ფაშიზმი“, – თქვა მან.

ირაკლი კობახიძემ  ბრიფინგის დასაწყისში კიდევ ერთხელ ისაუბრა აგენტების შესახებ რუსული კანონის პროექტების შესახებ და განაცხადა რომ ე.წ. ქართული  და ამერიკული კანონპორექტები ვენეციის კომისიას გაეგზავნება. მან ასევე კანონზე საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გაიხსენა და თქვა, რომ ამ კანონის მიღება არის სერიოზული დარტყმა „ნაციონალური მოძრაობისთვის“.