პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა დღეს ბრიფინგზე ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ და ასევე ისაუბრა დაგეგმილ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რისი ძირითადი ასპექტიც, მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების პროცესში შეჯერდა.
მისივე თქმით, არის რეფორმის გარკვეული საკითხები, რომელთა გატარება მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს.
„პირველ რიგში, ეს ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვას. დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.
ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის დაასრულებს ოპოზიცია ჭირვეულობას და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვთხოვთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, რომლის დასანერგად საქართველოს პარლამენტი სათანადო საკანონმდებლო ბაზას შეიმუშავებს”, – განაცხადა კობახიძემ.