შოვში, შარშანდელი სტიქიის ადგილას ხელისუფლების წარმომადგენლები ჩავიდნენ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომლის თქმითაც, იქ ტაძარი აშენდება დაღუპულთა ოჯახის წევრების თანაგრძნობის ნიშნად.
„ზუსტად ერთი წელი გავიდა შოვის ტრაგედიიდან. ჩვენ ყველას გვახსოვს ის უმძიმესი დღეები, რომლებიც ყველამ გამოვიარეთ, თუმცა ყველაზე მძიმე რა თქმა უნდა, ჭირისუფლებისთვის იყო ეს დღეები და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მივუსამძიმრო.
ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია, რომელმაც შეძრა მთელი ქვეყანა და ჩვენი ვალია დღეს, რომ მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები, ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისუფლებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ყველა თხოვნა შევასრულოთ.
აქ აშენდება ტაძარი, ეს არის ერთგვარი მცირე თანაგრძნობა, რომელიც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“, – თქვა პრემიერმა სტიქიის ადგილზე ჩასვლის შემდეგ.
შოვის ტრაგედიიდან დღეს ერთი წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე რაჭაში, კურორტ შოვში გლაციალური ღვარცოფი ჩამოწვა და კურორტის ტერიტორია წალეკა. სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანი ემსხვერპლა. სამაშველო-სამძებრო სამუშაოები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.