დაგვამუნჯა იმან, რაც კულტურის მინისტრმა გააკეთა - ვიოლა ფონ კრამონი წულუკიანზე

პუბლიკა

ევროპალრამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას გამოეხმაურა. ფონ კრამონის თქმით, თეა წულუკიანის საქციელი შეუფერებელია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.

„დაგვამუნჯა იმან, რაც კულტურის მინისტრმა გააკეთა. ეს აბსოლუტურად არ ახასიათებთ დემოკრატიულ სახელმწიფოებს. ჩემი პირველი განცხადება ჟურნალისტების მიმართ გავაკეთე სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჟურნალისტებმა უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, ეს ნამდვილად ვერ გაამართლებს იმ ქმედებას, რომ მინისტრმა შეიძლება მიკროფონი წაართვას ჟურნალისტს, მაგრამ ჟურნალისტებმაც უნდა გააკეთონ მაქსიმალური, რათა დაიცვან პოლიტიკოსების პირადი სივრცე. დავამატებ, რომ ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მედიის თავისუფლებაზე ამ ქვეყანაში შეტევაა“, -განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ემა გოგოხიას სენაკის თეატრში შეკითხვის დასმის დროს მიკროფონი გამოსტაცა, მოგვიანებით კი თავისი ფოტო მიკროფნიტ ხელში Facebook-ზე გამოქავეყნა და განაცხადა, რომ ჟურნალისტს მიკროფონს არ დაუბრუნებდა. „მთავარმა არხმა“ თავისი ნივთის დაბრუნება ვერც პოლიციის მეშვეობით შესძლო.