დაგვჭრდა დამატებით განმარტება, ამისთვის პრემიერი იმყოფებოდა საპატრიარქოში - ჯაღმაიძე

პუბლიკა

საპატრიარქოს პრესსპიკერის ანდრეა ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოს დასჭირდა დამატებითი განმარტებები საგანგებო სიტუაციების დროს ეკლესიაში შეკრების საკითხზე. მისი თქმით, დამატებითი განმარტებებისთვის საპატრიარქოში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.

როგორც ჯაღმაიძემ განაცხადა, მათ განუმარტეს, თუ რას ნიშნავს 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება და მისი თქმით, ეს არ უნდა გაგებულიყო ბუკვალურად.

„ჩვენ დაგვჭირდა დამატებითი განმარტებები, მივიღეთ ეს განმარტებები  – ბატონი გიორგი გახარია ბრძანდებოდა საპატრიარქოში. შეკითხვები გამოიწვია 10-კაციანი ჯგუფის თემამ, რომ 10 კაცზე მეტის შეკრება არ შეიძლება. ვიცით ჩვენ, რომ მსახურებები დიდმარხვაში განსაკუთრებით ბევრია და ადამიანთა რაოდენობა განსაკუთრებით იმატებს ამ პერიოდში. გვაინტერესებდა ამ შეკითხვებზე რა პასუხი იქნებოდა. განგვიმარტეს, რომ ეს არ უნდა გავიგოთ ბუკვალურად,  რომ სხვადასხვა ფართის ეკლესიაში დაშვებულია სხვადასხვა რაოდენობის ადამიანების დგომა.  მთავარი პრინციპი, რაც უნდა იყოს დაცული, ეყრდნობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს. ანუ, იმდენი ადამიანი უნდა იყოს ტაძარში, რომ მათ საშუალება ჰქონდეთ, დაიცვან დისტანცია“, – თქვა ჯაღმაიძემ.


„ათ კაცამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს” – ასე უპასუხა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო სიტუაციის შესახებ ბრიფინგისას ჟურნალისტების შეკითხვას – ეხება თუ არა შეკრებების შეზღუდვა ეკლესიას?.

თუმცა მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის დეკრეტში არ არის განსაზღვრული, 10 კაცის შეკრებაზეა საუბარი თუ 20-ის და ეს რიცხვი პრემიერმა მანიფესტაციებს და შეკრებებს დაუკავშირა და არა რელიგიურ რიტუალებს.