„დაგვეხმარეთ სამხედრობის გამოყვანაში“ - 36 ბრიგადის მეთაური მსოფლიო ლიდერებს

პუბლიკა

„თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ აქვს საერთო სულიერი ღირებულებები, ვისაც შეუძლია იგრძნოს სხვისი ტკივილი და ტანჯვა, ყველას მოვუწოდებ, დაგვეხმაროს „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გამოყვანაში“, – 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ რამდენიმე წუთის წინ საკუთარ Facebook-გვერდზე განცხადება გაავრცელა.

ის მსოფლიო ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტს – ჯო ბაიდენს, თურქეთის პრეზიდენტს – რეჯეფ თაიფ ერდოღანს, საფრანგეთის პრეზიდენტს – ემანულ მაკრონს დახმარებას სთხოვს.

„მე ვარ საზღვაო ქვეითი. სწორედ საზღვაო ქვეითობამ მასწავლა უკრაინის ნამდვილი სიყვარული: გიყვარდეს გაბედულად და უიმედოდ, გიყვარდეს იარაღით ხელში და უდიდესი საფრთხის მომენტში, გიყვარდეს თავდაჯერებულად, მამაცურად და უკომპრომისოდ. სანამ გული მიცემს, მე ვგრძნობ წმინდა, უპირობო სიყვარულს სამშობლოს მიმართ. ეს სიყვარული ნიშნავს შვილის სიყვარულს დედისადმი, ძმის სიყვარულს დისადმი, მამის სიყვარულს შვილის მიმართ. ამ სიყვარულმა საზღვრები არ იცის.

საზღვაო ქვეითთა ​ბრიგადა ჩემი ოჯახია. ესენი არიან უკრაინის დამცველები, რომლებიც უყოყმანოდ სწირავენ სიცოცხლეს სამშობლოსათვის… თუ მსოფლიო ცივილიზაციას ჯერ კიდევ აქვს საერთო სულიერი ღირებულებები და იდეალები, თუ ადამიანებს შეუძლიათ, იგრძნონ სხვისი ტკივილი და ტანჯვა, თუ დახმარების სიტყვები აიძულებს მოქმედებას, მაშინ მოგიწოდებთ იბრძოლოთ მარიუპოლის გარნიზონისთვის. მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, ყველას მოვუწოდებ, დაეხმარონ უკრაინელი სამხედროების „გამოყვანის“ პროცესს“, – წერს 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 10 მაისს მალტის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა მარიუპოლის ბლოკადის მოსახსნელად პარტნიორებს იარაღს სთხოვს.

„მარიუპოლის მცველები რჩებიან მარიუპოლში. ისინი აგრძელებენ წინააღმდეგობას „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ იარაღს, რათა შევძლოთ მათი გადარჩენა. მაგრამ რუსეთი ჩვენ მიერ აქამდე შეთავაზებულ ვარიანტებს არ დათანხმდა“, – თქვა ზელენსკიმ.


მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში „აზოვის“ ბატალიონის და 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები 77-ე დღეა იბრძვიან. გუშინ „აზოვის“ ბატალიონმა გამოაქვეყნა ფოტოები, რათა „მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ ნახოს, რა პირობებში იმყოფებიან მარიუპოლის დაჭრილი მცველები და იმოქმედოს“. 

ისინი აცხადებენ, რომ ბლოკადის პირობებში სამხედროები ღია ჭრილობებით, საჭირო მედიკამენტებისა და საკვების გარეშე იმყოფებიან.

ფოტო: „აზოვი“

ფოტო: „აზოვი“