„დაგვეხმარონ, ვერ გადარჩება იქ" - მამუკა გაწერელიას დედა

პუბლიკა

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ პატიმრობაში ვერ გადარჩება. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

გუშინ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 წლის მამუკა გაწერელიას დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

„ციხიდან დამირეკა, მითხრა, რომ ხვალ სასამართლო მაქვს და არ ინერვიულოთ, კარგად მექცევიანო. ეტყობა, კარნახობდნენ. არა მგონია, რომ კარგად იყოს, იმიტომ, რომ სურათში ნახეთ, რა დღეშია ბავშვი. მესმოდა, იქიდან უთხრეს, რომ ასე უთხარი, ქართველებს კარგად ექცევიანო.

როგორც კი დაიწყო ეს ყველაფერი, ტელევიზიით ნახა, ძალიან შეწუხდა, როგორც ჩვენ ყველა. ძალიან მძიმე კადრები იყო, ამდენი ბავშვი დახოცილი და მოხვდა გულზე. მე წავალ დავეხმარებიო მაგათ. ძალიან ბევრი ვეხვეწეთ, ვინ არ მოვიდა, რომ გადაეფიქრებინა, მაგრამ მაინც მე წავალო, უნდა დავეხმარო მათ. მერე იქიდან ერთხელ დამირეკა, აქ ერთი ამბავი არისო და დედა, თუ რამე, მაპატიეო.

მე ვუთხარი, მხნედ იყავი-მეთქი, შენ ძლიერი ბიჭი ხარ და არ შეშინდე-მეთქი, მაგრამ არ ეშინოდა, არ არის მშიშარა ბავშვი… დაგვეხმარონ, ვის როგორ შეუძლია, ყველა ამოგვიდგეს მხარში, დაგვეხმარონ, რომ არ მოკლან ეს ბავშვი. ვიცით, რომ ვერ გადარჩება იქ, იქ მას კარგი დღე არ ელის”, – ამბობს ის.

რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს გაწერელია „ჩავიდა უკრაინაში, სადაც გააფორმა კონტრაქტი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და გაგზავნეს მარიუპოლში. მრავალსართულიან კორპუსში მან ცეცხლი გაუხსნა 4 რუს სამხედროს, რომელთაგან 3 მოკვდა.“

მამუკა გაწერელია, რომელიც მარიუპოლში იბრძოდა, ტყვედ 2022 წლის 20 მაისს ჩავარდა, როცა უკრაინის არმიის ქვედანაყოფები „აზოვსტალს“ ტოვებდნენ.

2023 წლის 24 დეკემბერს  „ამერიკის ხმასთან“ გაწერელიას დედა ამბობდა, რომ ის 2022 წლის მარტში წავიდა მოხალისედ, რადგან სწამდა, რომ ეს იყო ბრძოლა საქართველოსთვის.

„ შემდეგ, როცა მარიუპოლში ვითარება გართულდა, ასევე საკუთარი ინიციატივით შეუერთდა „აზოვსტალის“ დამცველებს. 8 დეკემბერს, ტყვეობაში 22 წლის გახდა“. – ამბობს გაწერელიას დედა.