კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს ქარელში თავს დაესხნენ,- ამის შესახებ გრიგოლ გეგელიამ „ფორმულასთან“ ჩართვისას ისაუბრა.
მისი თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კოალიცია წინაასაარჩევნო კამპანიას ატარებდა.
„რუსების მსახურები და რუსების მონები, რომლებსაც ეშინიათ, რომ ასეთი კარგი შეხვედრა გვაქვს, ეშინიათ, რომ 80% მოსახლეობის არის ცვლილების მხარეს, დაგვესხნენ თავს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფით, მერე ეს გადაიზარდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში. როცა ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც ახლა მარკეტშია მიმალული და იმის შნოც არ აქვს, რომ გამოჩნდეს და სახე გვაჩვენოს, მარკეტში არის ჩამალული პოლიციის ერთ-ერთ ოფიცერთან ერთად, ეს პირი დაგვესხა თავს. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა, შემდეგ ჩემს მეგობარს, აქტივისტს ფიზიკურად დაუპირისპირდა, დაზიანებულია მისი სამოსი”, – აცხადებს გეგელია.
კოალიციის კიდევ ერთი წევრი ლანა გალდავა სოციალურ ქსელში მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
როგორც გალდავა წერს, ადგილზე საპატრულო ეკიპაჟიცაა მისული, თუმცა არ რეაგირებს.
„ქარელის მერის მოადგილის – ვლადიმერ სულაქველიძის მეუღლე. შეგვიშალა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში, ასევე ფიზიკურად დაგვესხა თავს კონკრეტულ პირთან ერთად. საპატრულო ეკიპაჟი აქ არის, რომელიც არ რეაგირებს. პირიქით, ერთი მათგანი შეიკეტა მარკეტში დამნაშავესთან ერთად. გარშემო არის უამრავი ვიდეოთვალი და არ ხდება არაფერი, საკითხის გასარკვევად. ასევე გვაქვს სხვა მტკიცებულებები, მათ შორის, პოლიციის ინდიფერენტულობის და დამნაშავეებთან ერთად მარკეტში ჩაკეტვის”, – წერს გალდავა.