მოქალაქეების დიღმის ჭალებთან დაკავშირებით პეტიციას ავრცელებენ და მოუწოდებენ დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს, დადოს საჯარო პირობა:
- დიღმის ჭალების მთელი ტერიტორია არ გასხვისდება, დარჩება მუნიციპალურ საკუთრებაში და მას მიენიჭება დაცული ლანდშაფტურ-სატყეო ზონის სტატუსი და შესაბამისი დამცავი რეჟიმი;
- მთელი ტერიტორიისთვის მომზადდება ჭალის ლანდშაფტური ტყე-პარკის აღდგენა-განვითარების სამოქმედო გეგმა და დაუყოვნებლივ დაიწყება ჭალების რეაბილიტაცია საჯარო სივრცედ;
ამასთან, მოქალაქეები პეტიციით ასევე მოითხოვენ, მერმა მიიღოს ყველა სათანადო ზომა, რომ:
- დაუყოვნებლივ აღკვეთოს უკანონო საწარმოების ფუნქციონირებას დიღმის ჭალების ტერიტორიაზე;
- დაუყონებლივ დაიწყოს ტერიტორიისა და მტკვირს დასუფთავებითი სამუშაოები სამშენებლო ნარჩენებისგან გასაწმენდად, რათა მოხერხდეს დამარხული ნარგავებისა და მიმდებარე ტერიტორიის გადარჩენა;
- შემჭიდროვებულ ვადებში შექმნის ექსპერტთა კომისიას ეკოლოგიური კატასტროფის შესასწავალად და მიიღებს ზომებს მიყენებული ზიანის გრძელვადიანად აღმოსაფხვრელად;
- ექსპერტთა კომისიის დასკვნის შემდეგ უზრუნველყოს სამუშაო ჯგუფის შექმნა, სადაც, მიმდინარე სამუშაოების გამჭვირვალეობისათვის, ადგილობრივების საინიციატივო ჯგუფიც იქნება ჩართული.
„დიღმის ჭალები თბილისში მდებარე უნიკალური საჯარო სივრცეა, სადაც მტკვრის ბუნებრივი კალაპოტი დამშვენებულია ჭალისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული ფლორითა და ფაუნით. გამორჩეულ ლანდშაფტთან ერთად, ქალაქის უმსხვილეს დასახლებულ უბნებთან სტრატეგიული მდებარეობის გამო, დიღმის ჭალების ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის სპორტულ-რეკრიაცულ სივრცედ განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
ამჟამად დიღმის ჭალები მწვავე ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. სარეკრიაციო მუნიციპალურ ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა უნებართვო კარიერული სამუშაოები, მოპოვებული ნედლეულის არამდგრადი დასაწყობება-გადამუშავება, სამშენებლო ნაგვის შეტანა კარიერზე და ტყის ტერიტორიაზე, რის შედეგადაც ჭალის ტყის 75%-ზე მეტი ცოცხლად დაიმარხა ტოქსიურ ნაგავში, ხოლო მტკვრის კალაპოტი დამახინჯდა, ამაღლდა და თბილისის დატბორვის რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ჭალების ლანდშაფტის რადიკალურ ცვლილებასთან ერთად, გაჩნდა რეალური საშიშროება, რომ ტერიტორიამ დაკარგოს სარეკრეაციო დანიშნულება, გასხვისდეს და კიდევ ერთ სამშენებლო პოლიგონად იქცეს. ამჟამად, ამ მდგომარეობის გამო, სივრცით სარგებლობა შეუძლებელია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ისე ქალაქის სხვა მცხოვრებლებისთვის.
ადგილობრივი მოსახალეობა ცდილობს, დაიცვას დიღმის ჭალების ტერიტორია და აქციოს საჯარო სივრცედ, მანამ სანამ ჭალების ტერიტორიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მუნიციპალურ საკუთრებაშია”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.