საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ზაზა აბაშიძე საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ Facebook-ზე წერს.
მისი თქმით, სამეურვეო საბჭოს შეხვედრაზე ვასილ მაღლაფერიძემ საბჭოს წევრებს დაუდასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
„სამეურვეო საბჭოს შეხვედრა ამ დრომდე მიმდინარეობს. ვასილ მაღლაფერიძემ ჩვენთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივი, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პოტენციური რეპუტაციული ზიანის აცილება იყო, რაზეც ვრცლად, თავის განცხადებაში უწერია.
ამის გარდა, მან ჩვენი კითხვების პასუხად დაადასტურა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს. წასვლის მიზეზებსა და სამომავლო გეგმებზე იყო ჩვენი საუბარი, ძირითადად“, – წერს ზაზა აბაშიძე.
მისივე თქმით, დროებით დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი შეასრულებს.
დღეს საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა.
„მიუხედავად იმისა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ პირველი არხი მიუკერძოებლად და პირუთვნელად გააშუქებს მომავალ არჩევნებსაც და ყველა სხვა პოლიტიკურ პროცესსაც, იქიდან გამომდინარე, რომ ვინმემ სხვადასხვა მიზნიდან გამომდინარე, არ იპოვოს ეჭვის საბაბი და კითხვის ნიშნები არ დასვას არხის მიუკერძოებლობას” – ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.
ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად 2017 წლის იანვარში აირჩიეს.