დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შემოგვთავაზა შეხვედრა - გოლეთიანი

პუბლიკა

ნამახვენჰესის საწინააღმდეგო აქციაზე აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მათ პარლამენტის თავჯდომარისგან შეხვედრის შემოთავაზება მიიღეს.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას – შეხვდებიან თუ არა კახა კუჭავას და რა ფორმატში – მხარდამჭერებთან ერთად მიიღებენ.

„ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შემოგვთავაზა შეხვედრა. არ ვიცი ამ გამოსვლების შემდეგ რა აქვს სათქმელი. მაგრამ მინდა ერთად გავიაროთ და ერთად გადავწყვიტოთ, ჩვენ ვუთხარით ასეთი რამე …

მაგრამ ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო ერთობით, აქვე. ჩვენ, ქართველი ხალხი, თანაბრად ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ პროტესტსა და ამ ბრძოლაზე.

გადაწყვეტილებას იღებს ქართველი ხალხი. ამიტომ რაზეც შევთანხმდებით ჩვენ დღეს აქ და რა საერთო მოქმედებაზე შევთანხმდებით, ის იქნება ჩვენი გადაწყვეტილება. პასუხისმგებლობაც იქნება კრებითი და კოლექტიური”, –  მიმართა გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს.

მისი თქმით, შესაძლებელია განხილული იყოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის ორი ვერსია – პირველი, აქციის მონაწილეებმა გადაინაცვლონ მსვლელობით პარლამენტისკენ და შენობის უკანა შესასვლელთან დადგნენ. პარლამენტის თავმჯდომარე კი გამოვიდეს მათთან და ისე დაელაპარაკოს პროტესტის მონაწილეებს.

„თუ ექნება სურვილი, გამოვიდეს, ვუზრუნვეყოფთ პოლიციასთან ერთად და  მშვიდობიანად დავდგებით ერთად და მოვისმინოთ, რა აქვთ სათქმელი, ერთად მოვისმინოთ. რისი თქმა უნდა ეს ჩვენ არ ვიცით”, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

მეორე ვერსია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის კი, ვარლამ გოლეთიანის თქმით, შესაძლებელია იყოს კვლავ ერთად აქციის მონაწილეების პარლამენტთან მისვლა, თუმცა შენობაში მედიასთან ერთად რამდენიმე მონაწილის  შესვლა. ჩართული იყოს პირდაპირი ეთერი და ასე დაელაპარაკონ პარლამენტის თავმჯდომარეს.

როგორც აქციაზე გადაწყდა, ისინი გადაინაცვლებენ პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან და ყველა ერთად დაელოდება მათთან შეხვედრას.

ამის შემდეგ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დაუკავშირდებოდნენ ისევ პარლამენტის თავმჯდომარის წარმომადგენელს, თუ რა ფორმით შეხვდებიან მოძრაობის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს. ამ დროისთვის ისინი პასუხს ელოდებიან.