„დაგვპირდა, რომ კანონის შესაბამისად ყველაფერს გააკეთებს“ - ხაბეიშვილის ოჯახი ომბუდსმენს შეხვდა

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის ოჯახი და ადვოკატი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. შეხვედრის მოთხოვნით ოჯახმა სახალხო დამცველის აპარატს გასულ კვირაში მიმართა. პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ მაშინ თქვა, რომ სურთ, მანდატის ფარგლებში აპარატმა იმსჯელოს, ბავშვების საუკეთესო ინტერესთან მიმართებაში რამდენად ლეგიტიმური და პროპორციულია აკრძალვები, რომელსაც სუსი ხაბეიშვილის მიმართ იყენებს.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, „მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“, ხაბეიშვილს 2 თვით პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება შეუზღუდა. ხოლო 14 ნოემბერს პოლიტიკოსის ადვოკატმა  განაცხადა, რომ დაწესებული შეზღუდვები კიდევ 2 თვით გაახანგრძლივეს.

„ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ლევანი შეახვედრონ თავის მცირეწლოვან შვილებს, აღუდგინონ კომუნიკაცია ოჯახთან, სატელეფონო საუბრები, წერილები. შევხვდით ბატონ ლევან იოსელიანს, მე ძალიან კმაყოფილი ვარ სახალხო დამცველთან შეხვედრის, ძალიან თბილად მიგვიღო და შეგვპირდა, რომ კანონის შესაბამისად ყველაფერს გააკეთებს“, – ამბობს ლევან იოსელიანის დედა „ფორმულასთან“.

ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ხაბეიშვილის უფლებები ირღვევა.

„მას აუკრძალეს ოჯახის წევრების ნახვა, შვილების ნახვა, არასრულწლოვანი შვილების ნახვა, ეს პირდაპირ უთითებს, რომ ლევან ხაბეიშვილზე ცდილობენ, რომ რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინონ, ეს უტოლდება წამებას, როდესაც ადამიანი არის სამარტოო საკანშია გამოკეტილი. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველთან მოვედით, რომ დაგვეხმაროს და შევძლოთ, რომ ლევან ხაბეიშვილმა ნახოს თავისი არასრულწლოვანი შვილები“, – თქვა ლაშა ტყეშელაძემ.

შეხვედრასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ საუბარი მსჯავრდადებულის პაემნის საკითხს შეეხო.

„ასევე ადვოკატმა ისაუბრა საქმის დეტალებზე და აღნიშნა, რომ მასალებს მხარე უახლოეს დღეებში გადასცემს სახალხო დამცველის აპარატს“, – წერია განცხადებაში.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სუსმა 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავიდან განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომელიც გულისხმობს ქრთამის მიცემას უკანონო ქმედების ჩასადენად და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კერძოდ, სუსმა განაცხადა, რომ „ლევან ხაბეიშვილი სოციალური ქსელებითა და ტელევიზიებით ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემის თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამს, თუ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე“.

13 სექტემბერს ლევან ხაბეიშვილს ბრალი კიდევ ერთი – სსკ-ის 317-ე – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების მუხლით წარედგინა.