„დაიცავი გელათი" - 2 დეკემბერს ქუთაისში „რიონის ხეობის გადარჩენისთვის" შეკრებას აანონსებს

პუბლიკა

„დაიცავი გელათი” – 2 დეკემბერს ქუთაისის მერიასთან მოძრაობამ – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” შეკრება დაანონსა. როგორც ისინი წერენ, გელათი საფრთხეშია, ვინაიდან ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოებმა გელათის მძიმე დაზიანებები გამოიწვია, დაზიანდა კედლის მხატვრობა და ძეგლი დღესაც სველია. მოძრაობა გელათთან დაკავშირებული დასკვნების გასაჯაროვებას მოითხოვს.

„2013 წლიდან ბოლო დრომდე მიმდინარე ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოებმა გელათის მძიმე დაზიანებები გამოიწვია. ექსპერიმენტული წესით შეიცვალა სახურავი – კირდუღაბის საფარზე დაწებდა მოჭიქული კრამიტი. სახურავმა წყალგაუმტარობა ვერ უზრუნველყო, კედლები დასველდა და მარილების ფენებით დაიფარა უნიკალური კედლის მხატვრობა. ძეგლი დღესაც სველია და ჩვენს თვალწინ ნადგურდება. წლების განმავლობაში პროცესი იყო გაუმჭვირვალე და დაფარული. დღეს, როცა გელათის დაზიანებები თვალსაჩინოა და ვეღარ მიიჩქმალება, გვესმის მხოლოდ თავისმართლება და ურთიერთ ბრალდებები.

მოვითხოვოთ, სრულად გასაჯაროვდეს გელათთან დაკავშირებული ექსპერტული დასკვნები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მასალები, რათა დაისახოს შემდგომი პროფესიონალური სამოქმედო გეგმა და განისაზღვროს პასუხისმგებლობის საკითხები.

დავდგეთ გელათის სადარაჯოზე, რომ არ გავხდეთ მისი განადგურების თანამონაწილენი, რომ ჩვენს ეპოქას არ დაერქვას გელათის განადგურების ხანა!

შევიკრიბოთ ქუთაისში, მერიასთან, 2 დეკემბერს, პარასკევს, 14:00 საათზე. ერთად გავარკვიოთ, რა ხდება და რა შეგვიძლია, ერთად დავიცვათ გელათი!”, – წერია განცხადებაში.

„რიონის ხეობის გადარჩენისთვის” მოძრაობა ნამახვანჰესის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა.