ეკონომიკის ექსპერტის, ლექტორისა და „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტის, რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით ხვალ, 22 დეკემბერს პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ პოლიტიკოსების ინიციატივით მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სუსის შენობის წინ გაიმართება.
აქცია 18 საათზე ჩაინიშნა.
„სამართალდამცავების ჩადენილი უსამართლობა ნორმაა უკვე ამ ქვეყანაში, არასოდეს გვყოლია პოლიცია, რომელიც მართლა ადამიანის უფლებებს დაიცავდა და არ იქნებოდა ინდივიდებთან ბრძოლის ინსტრუმენტი ხელისუფლების ხელში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ მახინჯი სისტემის სახეა, იმ სისტემის, რომელიც ადამიანის ჩაგვრის მეტს არაფერს აკეთებს. სწორედ ამიტომ, 22 დეკემბერს, საღამოს ექვს საათზე შევიკრიბებით სუსის შენობის წინ და მშვიდობიანი პროტესტით მოვუწოდებთ სახელმწიფოს აქტიური მოქმედებისკენ“, – ვკითხულობთ Facebook-ღონისძიების აღწერაში, რომლის ორგანიზატორებიც ცოტნე კობერიძე და ბორის „ჩელე“ ყურუა არიან.
დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურს სამართალდამცველებმა მის ოფისში მიაკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Interpresnews-მა გაავრცელა. „პუბლიკას“ კი ინფორმაცია მისმა ძმამ, რომანოზ გერლიანმა დაუდასტურა.
IPN-ის ცნობით, მობილურს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია. რაც შეეხება წერილს, მოკლე წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ „ბევრი ითმინა“ და „დაიღალა”. ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას სთხოვს.
რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები და ახლობლები 19 დეკემბრის დილის შემდეგ ვეღარ უკავშირდებიან. გერლიანი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი , სადაც ის პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე, სავარაუდო მიყურადებასა და თვალთვალზე საუბრობდა. „კანონი დუმს… ჩემთვის ყველაფერი სულერთია… ისე ვარ, მინდა მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ…“, – წერდა გერლიანი.
აღსანიშნავია, რომ პოსტი გუშინ, 20 დეკემბრის შუადღიდან სოციალური ქსელში აღარ იძებნება. გერლიანის გაუჩინარებაზე გამოძიება შსს-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს დაწყებული.