დაინტერესდეს პარლამენტი 20-21 ივნისს დაშავებულთათვის დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობის მიზეზებით - „დემოკრატიის ინდექსი“

პუბლიკა

ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს პარლამენტს, დაინტერესდეს 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაშავებულებისთვის დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობის მიზეზებით და ამ მიზნით გამოიყენოს ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი.

ამ მექანიზმით, ორგანიზაციის მტკიცებით, შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ღია სხდომებზე მოისმინოს მოსაზრებები როგორც საგამოძიებო უწყებებისა და სასამართლოსგან, ისე ნებისმიერი დაინტერესებული პირისგან.

ორგანიზაციის თქმით, პარლამენტს შეუძლია, გამოკვეთოს როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ისე საგამოძიებო ორგანოებისთვის შესასრულებლად სავალდებულო რეკომენდაციების გაცემის საჭიროება.

კონტროლის ფარგლებში პარლამენტმა:

► გამოიკვლიოს დაზარალებულად ცნობის პრაქტიკა სასამართლოსა და პროკურატურაში, კერძოდ, რა ეტაპზე და რა მტკიცებულებების არსებობისას ენიჭება პირს პრაქტიკაში დაზარალებულის სტატუსი;

► მოისმენოს პროკურატურის, სახალხო დამცველის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა დაინტერესებული ორგანოების მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით;

► საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვევიოს უფლებადაცვითი ორგანიზაციები და ყველა დაინტერესებული პირი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სისხლის სამართალწარმოებაში და მუშაობენ დაზარალებულთა/მსხვერპლთა უფლებების დაცვაზე;

► განიხილოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები, ანგარიშები და რეკომენდაციები;

► ჩართოს პროცესში დაინტერესებულ მხარედ ის პირები, რომლებიც დაზარალებულად ცნობას ითხოვდნენ 20-21 ივნისის აქციების დაშლის შედეგად მიყენებული ზიანის გამო;

► დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე მუშაობა იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ხარვეზი მოქმედ კანონმდებლობაში“, – წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის ამ მოწოდების მიზეზი გახდა, მათი თქმით, დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, ხოლო მეორე მხრივ, დაშავებული დემონსტრანტების დაზარალებულად არცნობის სტატისტიკა, რაც, განცხადების მიხედვით, შეიცავს შერჩევითი მართლმსაჯულების ნიშნებს.

განცხადებაში წერია, რომ შერჩევითი მიდგომის შთაბეჭდილებას ტოვებს მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში დაზარალებულად ცნობილთა სტატისტიკაც. „მიუხედავად იმისა, რომ როგორც სახალხო დამცველი, ისე ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მიუთითებენ როგორც მომიტინგეთა, ისე პოლიციელთა რიგებიდან დაშავებულთა დიდ რაოდენობაზე, დღემდე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვს მხოლოდ 8 დემონსტრანტს. პოლიციელთა რიგებიდან კი დაზარალებულად ცნობილია 68 პირი,” – აღნიშნულია განცხადებაში.


„დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით:

„აქციის დაშლისას გამოყენებული სასტიკი მეთოდების გამო დაშავდა 275 ადამიანი: 187 დემონსტრანტი, 15 ჟურნალისტი („ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მონაცემებით დაშავებულ ჟურნალისტთა რაოდენობა 32-ია) და 73 პოლიციელი.

მიყენებული დაზიანებების გამო ქირურგიული ჩარევა 28 პირს დაჭირდა, ორმა თვალი დაკარგა, ხოლო რამდენიმე დაზარალებულს მნიშვნელოვნად დაუზიანდა მხედველობა.

შედეგად, დღეის მდგომარეობით პოლიციელებზე ჯგუფური ძალადობისთვის ბრალი წარდგენილი აქვს 17 მოქალაქეს, ხოლო დემონსტრანტებზე ძალადობისთვის – 3 პოლიციელს. მათგან დამნაშავედ ცნეს 13 მოქალაქე, პოლიციელთაგან – დღემდე არცერთი,” – წერია განცხადებაში.