დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს - ჩეხეთის ელჩი

პუბლიკა

საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა თბილისში „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„შოკისმომგვრელი ფოტოები „თბილისი პრაიდიდან“. დაირღვა კონსტიტუციური უფლებები, შეკრების თავისუფლება, პოლიცია ვერ იცავს მოქალაქეებს. არის თუ არა ეს კონკრეტული გზა ევროკავშირისკენ? ჩემი მოკრძალებული აზრით, ნამდვილად არა“, – წერს ელჩი.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა, პოლიციამ ორგანიზატორები ლისის მიმდებარე ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებითა და ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა. „პრაიდში“ ამბობენ, რომ პოლიციამ ვერ შეძლო ტერიტორიის დაცვა.

ორგანიზატორები ფესტივალის წინა დღეებში ამბობდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ღონისძიების დაცვის გარანტია მიიღეს. ლისის ტბასთან, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ სამართალდამცველების მიერ გაკეთებულმა მცირე კორდონმა აგრესიულ ჯგუფებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, რის შემდეგაც ამ ჯგუფებმა ფესტივალის ტერიტორიამდე მიაღწიეს, პრაიდის ორგანიზატორები კი შსს-მ გაიყვანა.