რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე რეგიონებიდან თბილისში ჩამომსვლელთათვის მოხალისეობრივი ჯგუფი შეიქმნა. „დაიტოვე“ – ამ სახელწოდების Facebook-ჯგუფში მოხალისეები აქციაზე ჩამოსვლის მსურველებს თავიანთ სახლებში უფასოდ დარჩენას სთავაზობენ.
„ჯგუფი შეიქმნა ადამიანების დასაკავშირებლად. მათი, ვისაც აქციაზე უნდა ყოფნა, თუმცა ცხოვრობენ რეგიონებში და ვერ ახერხებენ იმავე დღეს, გვიან, შინ დაბრუნებას და მათი, ვინც ცხოვრობს თბილისში და აქვს შესაძლებლობა თანამოაზრეები დაიტოვონ შინ, აქციის დასრულების შემდეგ“, – წერია ჯგუფის განცხადებაში.
„დაიტოვე“ დღეს შეიქმნა და ამ დროისთვის ჯგუფში 900-ზე მეტი მოქალაქეა. რუსული კანონის წინააღმდეგ კი პროტესტი გრძელდება. მეორე მოსმენის პარალელურად, საპროტესტო აქცია დღეს 19:00 საათზეა დაანონსებული.