15 ნოემბერს „დაიტოვეს“ და სტუდენტების აქცია დასრულდა.
სტუდენტების ნაწილი ღამეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში გაათენებს, ნაწილი – თსუ-ს შენობის წინ, ღია ცის ქვეშ, ვინაიდან ისინი I კორპუსში მობილიზებულმა პოლიციამ არ შეუშვა.
აქციის დასრულებულად გამოცხადებამდე მათ დააანონსეს საპროტესტო აქცია ხვალ, 16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან – ცესკოს წევრები ხვალ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაჯამებლად შეიკრიბებიან. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება. ამავე დროს დაიწყება საპროტესტო აქციაც.
სტუდენტები არჩევნების შესაძლო გაყალბებას აპროტესტებენ და მის ხელახლა ჩატარებას მოითხოვენ.
სტუდენტების პროტესტს ბიძგი გუშინ, 14 ნოემბრის საღამოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მისცეს. მათ ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაათენეს და დღესაც ასე იქცევიან. ისინი ბსუ-ს ადმინისტრაციასაც სდებენ ბრალს „ქართული ოცნების” სასარგებლოდ მუშაობაში.
საპროტესტო აქციას გამართეს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.
გარდა ამისა, განცხადებები გაავრცელეს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტურმა ჯგუფებმა:
„საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტები:
“ჩვენ, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, არ ვაღიარებთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც ჩვენი სამშობლოს ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
ახლა უფრო მეტი ძალით ვიწყებთ ბრძოლას იქამდე, სანამ გამარჯვებას არ მოვიპოვებთ.
ჩვენი სამშობლო ევროპული ოჯახის ნაწილია, ამიტომაც მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ მიზანს კი არ დავშორდეთ, არამედ დავუახლოვდეთ. საქართველო უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას.
ჩვენ გავაგრძელებთ უწყვეტ ბრძოლას რუსული რეჟიმის დასამარცხებლად”.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა:
„თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები არ ვაღიარებთ არჩევნების ლეგიტიმურობას, სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ვუერთდებით გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ ბრძოლაში”.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები:
„ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს და ვაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ერთიან ბრძოლას. მიუხედავად ტოტალურად გაყალბებული არჩევნებისა, გვჯერა, რომ ცოდნით, შრომითა და თავისუფლებით, მიზნის მიღწევა შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, მხარდაჭერას ვუცხადებთ და ვუერთდებით ბსუ-ის, თსუ-ის, ილიაუნისა და ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან”.
სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა:
„ჩვენ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, არ ვაღიარებთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ვიდგებით ისტორიის სწორ მხარეს!
ჩვენი თავისუფლების არჩევანი არ დავუთმოთ გაყალბებას!
მოდით, გაერთიანებული ძალით დავიცვათ საქართველოს ევროპული მისწრაფებები”