„დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნენსი ვოლანდი ვარაუდობს, რომ დღეს ჩხრეკა მის სახლშიც ჩატარდება.
ილია ღლონტის სახლთან ნენსი ვოლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შსს-მ მას უთხრა, რომ მას თავის სახლში უნდა შეხვდნენ და გაესაუბრონ. მისი თქმით, ის ელოდება ადვოკატს, რის შემდეგაც წავა თავის სახლში და ვარაუდობს, რომ იქაც ჩხრეკა ჩატარდება.
ნენსი ვოლანდი საგამოძიებო მოქმედებებს რეპრესიებს და დაშინებას უკავშირებს.
ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, აქტივისტ ილია ღლონტის სახლში ჩხრეკა დასრულდა.
მხოლოდ დალუქეს და წაიღეს მისი მობილური ტელეფონი და ლეპტოპი. აქტივისტის სახლში კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.
ჩხრეკას მოქალაქე ელენე ხარიბეგაშვილი პირდაპირ ეთერში გადასცემდა. ჩხრეკას არ ესწრებოდა ილია ღლონტის ადვოკატი, რომელიც საგამოძიებო მოქმედების ადგილზე ჩხრეკის დასრულებისას მივიდა და გამომძიებლების შედგენილ საბუთებს გაეცნო.
ჩხრეკის დაწყებამდე ილია ღლონტს უთხრეს, რომ მოქმედება ტარდება გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და არეულობისკენ მოწოდების მუხლებით, გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში მიმდინარეობს.