„ვითხოვთ ახალ არჩევნებს” | ამ მოთხოვნით „დაიტოვეს“ საპროტესტო აქცია დღეისათვის დასრულდა.
ჯგუფი „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქცია თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და სიმბოლურად ევროპის მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებს საათზე მეტი ხნის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მტკვრის ორივე სანაპირო და ბარათაშვილის ხიდი.
ისინი საქართველოში ჩატარებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
აქციის ორგანიზატორებმა ხვალ შეკრება ორ ლოკაციაზე დააანონსეს – პრეზიდენტის სასახლესთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.
11 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება. სწორედ ამ დროს, 10:00 საათზე გაიმართება აქცია ორბელიანების სასახლესთან. „დაიტოვეს” წევრების განცხადებით, მიზანია, რომ „ვაჩვენოთ ევროპელ მეგობრებს, რომ ქართველი ხალხი იბრძვის მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად“.
„ამ შეხვედრაში ჩვენც უნდა მივიღოთ გარკვეული მონაწილეობა. ეს მონაწილეობა იქნება, რომ ჩვენ დავანახებთ რამდენი ვართ პრეზიდენტის სასახლესთან. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროპელ მეგობრებს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ქართველი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის, იბრძვის მოპარული არჩევნების დასაბრუნებლად.
ამიტომ ყველას, ხვალ, გელოდებით ორ ლოკაციაზე, ვისაც, სადაც გირჩევნიათ და გული მიგიწევთ, ოღონდ, სახლში არ დარჩეთ. მოვა დრო თავისუფალ, დამოუკიდებელ და ევროპულ საქართველოში სახლში ვიქნებით, ძალიან კარგად და თბილად, მაგრამ ეს დღეები და თვეები სჭირდება ქვეყანას, თქვენი გვერდში დგომა!“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ილია ღლონტმა.
რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაანონსებულ აქციას, ხვალ, 13:00 საათზე 400-ლარიანი ჯებირის საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესია ჩანიშნული.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ახალგაზრდები პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები და სასამართლოსთან „პოლიტიკური პატიმრებისთვის სოლიდარობის გამოსახატად” მივლენ.