ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს.
მისი თქმით, 65 წლის მეშახტის მკურნალობა სახელმწიფოს მეტი უჯდება, ვიდრე პენსია. დეპუტატმა მოუწოდა პარლამენტარებს, რომ მეშახტეებისა და მაღაროელებისთვის საპენსიო ასაკის დაწევის საკითხის განხილვაში ჩაერთონ.
„ტყიბული – ეს ქალაქი დააარსეს მეშახტეებმა და აქ, მეშახტეთა სულისკვეთებით, შახტიორების სულისკვეთებით ცხოვრობს თითოეული. რა თქმა უნდა, პრობლემებია ასევე ჭიათურაში. ასევეა, ყველა შახტში და ვფიქრობ, რომ გადასაწყვეტია საპენსიო ასაკის დაწევა. არ გვაძლევს ფორმატი იმის საშუალებას, რომ გავშალოთ ეს თემა. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა მოგვიწევს ხვალ და უმჯობესია, ეს გავაკეთოთ დღეს. კოლეგებთან, ოპოზიციონერებთან ერთად, დავთვალოთ ყველაფერი და გადავწყვიტოთ“, – თქვა ბეჟან წაქაძემ.
წაქაძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მას ექნება კომუნიკაცია ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან.
„65 წლის მეშახტე, რომელიც ამოდის შახტიდან, ის უკვე „ინვალიდის“ სტატუსით ამოდის. ჩვენ, სახელმწიფოს გაცილებით მეტი გვიჯდება მისი განკურნება. ამიტომ, ამ თემაზე ვისაუბროთ და ამ თემაზე მე მექნება ურთიერთობა როგორც ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან და გთხოვთ კოლეგებს, ყველანი ჩავერთოთ და გადავწყვიტოთ ეს თემა“, – თქვა მან.