დაიწყოს გამოძიება ადევნების მუხლით და მცნონ დაზარალებულად – დოლიძემ შსს-ს მიმართა

პუბლიკა

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ რამდენიმე პირის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე მოითხოვს, ადევნების მუხლით დაიწყოს გამოძიება და ის დაზარალებულად ცნონ.

„კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული ფოტოები გვაქვს ე.წ. ასინეთების, რომლებიც დაქირავებული ჰყავს გია ვოლსკის,  „ქართულ ოცნებას“, იმისთვის, რომ გვითვალთვალონ ჩვენ, ჩვენს შტაბს. გადაიღონ ყველა მოქალაქე, ვინც ჩემს შეხვედრაზე დადის. მოვითხოვ, ადევნების მუხლით გამოვლინდნენ ამ სისტემატური თვალთვალის მონაწილეები, მცნონ დაზარალებულად იმისთვის, რომ შევძლო და მოვითხოვო, გამოძიების დაჩქარება ამ მიმართულებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოავლინოს ყველა ის „ასინეთა“, ვინც ჩვენს შეხვედრებს უთვალთვალებს, გვიღებს ფოტოს/ვიდეოს და 30 ვერცხლად ყიდის საქართველოს პოლიტიკურ მომავალს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის ბრალდებებს გამოეხმაურა „ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი. მისი თქმით, ბრალდება მისი შტაბის წევრების ადევნების თაობაზე იუმორისტულია.

„რა სისულელეა და როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა ასეთი რამ დაუშვას ან რაში შეიძლება დამჭირდეს?! იქნებ თავის მიერ არის გაკეთებული, რომ მერე ჩემზე ილაპარაკოს, რომ მე მას ვავიწროვებ”, – აღნიშნა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.