დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის - გამჭვირვალობა

პუბლიკა

„საერთაშირისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო  არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

მათი თქმით, Covid 19-ის პანდემიის გამო საზოგადოების ყურადღება ძირითადად ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე არის მიპყრობილი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ უნდა იყოს დავიწყებული ის საკითხებიც, რომლებიც აუცილებელია გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის .

„მათ შორისაა არჩევნებიც, რომელიც დაახლოებით 6 თვეში უნდა გაიმართოს და ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რა სისტემით ვატარებთ მას და რა ტიპის ცვლილებები შევა „საარჩევნო კოდექსში“. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ, როგორც ჩანს, არჩევნებამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში პანდემიასთან ბრძოლა გაგრძელდება და არჩევნების დღესაც, მაღალი ალბათობით, ეპიდემიის შესაკავებლად საჭირო ყველა შეზღუდვა ვერ მოიხსნება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ არსებული ბუნდოვანების გასაფანტად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე სამუშაო ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს, საზოგადოებისთვის კვლავაც უცნობია, კონკრეტულად როდის და როგორ აპირებს მმართველი გუნდი კონსტიტუციური და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რა დროსაც კონსტიტუციის შეცვლა შეუძლებელია, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს კონკრეტული გეგმები ამ საკითხთან დაკავშირებით.

მათი თქმით, არჩევნების გამართვის თემა დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვისაა აქტუალური და განიხილება არჩევნებში მონაწილეობის რამდენიმე მეთოდი, მათ შორისაა დისტანციურად ხმის მიცემა.

მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  ეპიდემიოლოგების პროგნოზებით, ოქტომბერში პანდემიის მასშტაბები და მისგან მომავალი საფრთხე მნიშვნელოვნად უნდა იყოს შემცირებული, დიდი ალბათობით გარკვეული შეზღუდვები კვლავაც შეიძლება დარჩეს. საქართველოს კონტექსტიდან გამომდინარე, ხმის მიცემის ბევრი ალტერნატიული მეთოდი ვერ იმუშავებს, ვინაიდან მას არ ექნება პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობა. ამიტომ აუცილებელია:

  • „ეპიდემიოლოგების, საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით დაიწყოს მუშაობა ყველა შესაძლო სცენარზე იმისთვის, რომ განისაზღვროს შესაბამისი ზომები არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად;
  • შემუშავდეს დროებითი შეზღუდვების პირობებში არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ნორმატიული აქტები, სადაც გაიწერება კონკრეტული რეგულაციები, რათა ტექნიკურად შესაძლებელი იყოს ყველა საჭირო პროცედურის ორგანიზება;
  • საჭიროების შემთხვევაში, მომარაგებულ იქნას შესაბამისი აღჭურვილობა და ტექნიკური საშუალებები შეზღუდვების პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციისა და ამომრჩევლების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. უნდა მოხდეს საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებაც.
  • შეზღუდვების პირობებში შემუშავდეს არჩევნებზე დაკვირვების წესი და სხვა“.

ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას ამ საკითხზე დაიწყონ აქტიური კონსულტაციები საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მათი თქმით, ამ პირობებიდან ერთ-ერთი მაინც თუ ვერ იქნება შესრულებული, არჩევნების ლეგიტიმურობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ შეიძლება დადგეს.