„დაჯარიმდა თქვენი სატრანსპორტო საშუალება" — მოქალაქეებს 5000-ლარიან ჯარიმას SMS-ით ატყობინებენ

პუბლიკა

„თქვენი სატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174/1 მუხლის მე-5 ნაწილით, ქალაქი თბილისი, რუსთაველის მიმდებარედ”. – ამ შინაარსის სმს შეტყობინება დღეს, 23 აპრილს არაერთმა მოქალაქემ მიიღო.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ეხება, მის მე-5 ნაწილში კი ნათქვამია, რომ დარღვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 5000 ლარით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია − 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით და სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ეს არის ერთ-ერთი რეპრესიული კანონი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” 2025 წლის დასაწყისში მიიღო.

მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც ჯარიმის შესახებ სმს შეტყობინება მიიღო, ამბობს, რომ მანქანა არ ჰყავს და არც არასდროს ჰყოლია.

შსს-ს გზის უკანონოდ გადაკეტვის საბაბით გამოწერილი ჯარიმა ადრესატებთან პირადად მიჰქონდა ან თავად მოქალაქეს ეუბნებოდა, რომ ამა თუ იმ სამმართველოში გამოცხადებულიყო ჯარიმის ასაღებად და შემდგომში გასასაჩივრებლად.

SMS შეტყობინებების სისტემას შსს ამ დრომდე მხოლოდ სამანქანო ჯარიმებთან დაკავშირებით იყენებდა.

დათო სიმონია, რომელსაც ასევე არ აქვს მანქანა, თუმცა, ანალოგიური შეტყობინება მიიღო, ამბობს, რომ უწყების ცხელ ხაზზე უთხრეს, რომ სმს-ის პირველ ნაწილს ყურადღება არ მიაქციოს.

„დღეს მიღებული შეტყობინების მიხედვით, ჩემი სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით დაჯარიმდა ადმინისტრაციულის 174-ე მუხლით. ანუ ჩემმა ტრანსპორტმა, რომელიც არასდროს მყოლია, დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის წესი.

საპატრულოს ქოლ-ცენტრში მითხრეს, შეტყობინების პირველ წინადადებას ყურადღება არ მიაქციო, რუსთაველის გადაკეტვისთვის დაგაჯარიმესო. არც გზა გადამიკეტავს არასდროს. მსგავსი შეტყობინება მიუვიდა ბევრს. მათ შორის მათაც, ვისაც ჩემსავით არასდროს ჰყოლია სატრანსპორტო საშუალება და არც გზა გადაუკეტავს”. – დაწერა დათო სიმონიამ FB-ზე.

იურისტი თეო ზაქარაშვილი „პუბლიკასთან” ვითარების არსს ხსნის.

ზაქარაშვილი ამბობს, რომ შსს-მ მანქანის ჯარიმის შაბლონი გამოიყენა – ამან შეიძლება, მოქალაქეებისთვის გაუგებრობა ან არასწორი აღქმა შექმნას, თუმცა, არ ნიშნავს, რომ ისინი დაჯარიმებულები არ არიან.

„SMS-ის სახით შეტყობინებების შინაარსიდან შეიძლება გავიგოთ, რომ ჯარიმა ეხება ე.წ ქუჩის უკანონოდ გადაკეტვას. ანუ ეს ის ჯარიმაა, რომელსაც შსს გვიწერს თითოეულ ჩვენგანს რუსთაველზე ყოფნისთვის. ამ სმს-ების მიხედვით სახელმწიფო მოქალაქეს ატყობინებს, რომ იმ ჯარიმის ჩაბარება, რომელიც გამოწერილია კონკრეტულ თარიღში, სავარაუდო დარღვევის დრო, ქვითრის ნომერი და თანხა – ვერ ჩააბარა მოქალაქეს და რადგან ვერ ჩააბარა, ანალოგიის პრინციპით იყენებს ავტომობილის ვიდეო ჯარიმების საჯარო გამოქვეყნების, ანუ ჩაბარების წესს.

და უთითებს, რომ იმ ჯარიმის დეტალები, რომელიც მანამდე ვერ ჩააბარა (უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩაბარება სცადა და ვერ ჩააბარა, თუმცა, ამას დარწმუნებით ვერ ვიტყვით, ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს), გამოქვეყნდა კონკრეტულ ვებ საიტზე.

ანუ ამ სმს-ის მიღებიდან, ანუ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჯარიმა ჩაითვლება ჩაბარებულად, მიუხედავად იმისა, თქვენ ამ სმს-ს ნახავთ თუ არ ნახავთ, ან თუ თქვენ ამ სმს-ის მიხედვით საიტზე [police.ge; protocol.ge] მოძებნით ჯარიმას და რეალურად გაეცნობით თუ არა მას. 30-ე დღეს შსს ჩათვლის, რომ თქვენ ჯარიმა ჩაბარებული გაქვთ და 31-ე დღიდან კიდევ 30 დღე გაქვთ იმისთვის, რომ გადაიხადოთ, ხოლო 10 დღე გაქვთ იმისთვის, რომ ჯარიმა გაასაჩივროთ სათანადოდ შესაბამის უწყებებში. ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში”. – ამბობს თეო ზაქარაშვილი.

იურისტი ნიკა სიმონიშვილი კი წერს:

„აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა. თუმცა გასაგებია, ეს რატომაც გააკეთეს, ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე.

მიუხედავად ამისა, ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ აუცილებლად”. – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებაზე მუშაობენ.