„დაჯექით, არ დაგელევათ სანერვიულო ამ ერთ წელში" - მოწმე პროცესზე წულუკიანის სიტყვებს იხსენებს

პუბლიკა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა კიკნაძის საქმეზე მოსამზადებელი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე მოწმის სახით გამოიკითხა ხელოვენაბთმცოდნე და ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი ნანა ბურჭულაძე.

როგორც მან პროცესზე განაცხადა, მინისტრმა წულუკიანმა პირველივე შეხვედრიდან ეკა კიკნაძის პიროვნების მიმართ მიუღებლობა გამოამჟღავნა და კიკნაძეს საუბრისა და განმარტებების გაკეთების საშუალება არ მისცა.

„ეკა კიკნაძის მიმართ მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველივე შეხვედრიდან გამომამჟღავნდა განსაკუთრებული მიუღებლობა ეკას პიროვნების, იმიტომ, რომ, როდესაც ქალბატონი ეკა შეეცადა განმარტების მიცემას, მას უთხრა, რომ თქვენ ძალიან ამბიციური ბრძანდებით და გაჩუმდით. არ ალაპარაკა, უთხრა, რომ დაბრძანებულიყო. კიდევ იყო ისეთი გამოსვლები, ძირითადად ყველას, ჩვენ მოგვმართავდა შეურაცხმყოფელად და ხაზგასმულად ქალბატონ ეკას“, – თქვა ბურჭულაძემ.

პროცესზე ეკა კიკნაძის ინტერესების დამცველმა, საიას წარმომადგენელმა ნანა ბურჭულაძეს ჰკითხა, მიმართა თუ არა წულუკიანმა ეკა კიკნაძეს ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე შემდეგი სიტყვებით: „დაჯექით, დაჯექით, ნუ  ნერვიულობთ, არ დაგელევათ სანერვიულო ერთი წლის განმავლობაში“, რაც ნანა ბურჭულაძემ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ეკა კიკნაძეს მინისტრმა ამგვარად მიმართა.

„რა თქმა უნდა, იყო ასეთი მიმართვა. ასე გვემუქრებოდა, სხვადასხვა სიტყვებით“, – თქვა ნანა ბურჭულაძემ.

პროცესის დაწყებამდე ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა დირექტორმა ეკა კიკნაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თეა წულუკიანის მიზანი იყო დაეცალა ეროვნული მუზეუმი იმ პროფესიონალებისგან, რომლებიც იყვნენ ეროვნული მუზეუმის იდეის ერთგულნი.

„როგორც წესი, ეს იყო კოლექტივის საუკეთესო ნაწილი, საუკეთესო თანამშრომლები. თქვენ თუ გადახედავთ და შეისწავლით თითოეული გათავისუფლებულის მონაცემებს, ცხადი ხდება, რომ მათი გათავისულება ხდებოდა პრინციპით – გაათავისუფლე საუკეთესო. დისკრიმინაციის ფაქტი იყო ძალიან ბევრი“, – განაცხადა ეკა კიკნაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ პროცესის დაწყებამდე.


კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ სამინისტრომ ეროვნულ მუზეუმში რეორგანიზაცია დაიწყო. მინისტრი ტელევიზიების ეთერში ეროვნული მუზეუმის მაშინდელი თანამშრომლების მიმართ სხვადასხვა ბრალდებას აჟღერებდა, აცხადებდა, რომ ხელოვნების მუზეუმი წლების განმავლობაში „გამოიშიგნა“; „დაიკარგა ექსპონატები“, თუმცა მინისტრს ამ ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია.

ბრალდებების პარალელურად სამინისტრომ დაიწუნა ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ წლების განმავლობაში დამუშავებული ხელოვნების მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და მუზეუმში დაცული ექსპონატების ევაკუაციის გეგმა.

გასული წლის ივლისში საქართველოს კულტურის სამინისტრომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა“ გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება მახვილდებოდა შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზე“, რასაც დარგის სპეციალისტების პროტესტი და კრიტიკა მოჰყვა.

სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ხელოვნებათმცოდნეები და აქტივისტები აცხადებენ, რომ დასკვნა ნიადაგის მოსინჯვა იყო ხელოვნების მუზეუმის შენობის დემონტაჟისთვის, რასაც კულტურის სამინისტრო სიცრუეს უწოდებდა. მეცნიერები და სპეციალისტები ასევე კრიტიკულად აფასებდნენ შენობაში დაცული ექსპონატების ევაკუაციის ახალ გეგმას. ისინი აცხადებდნენ, რომ ევაკუაციის ახალი გეგმა საფრთხეს უქმნიდა ექსპონატებს და მათ განადგურების რისკის წინაშე აყენებდა.

ივლისშივე შენობის „რენტაბელურობის“ შესახებ დასკვნა გააკრიტიკა ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ეკა კიკნაძემ, რასაც მისი გათავისუფლება მოჰყვა და ის ლაბორანტის პოზიციაზე დანიშნეს. მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი გათავისუფლებას მის საჯარო განცხადებებს უკავშირებდა.

ეკა კიკნაძის გათავისუფლების შემდეგ, მუზეუმი პროტესტის ნიშნად რამდენიმე თანამშრომელმა დატოვა, ხოლო ნაწილი კი გაათავისუფლეს, მათ შორის შუა საუკუნეების ფონდის მთავარი კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძე; ხელოვნებათმცოდნე ნინო ხუნდაძე, რომელიც მუზეუმში ფერწერისა და გრაფიკის ფონდების კურატორია; და ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩიხლაძე, რომელიც მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორი იყო.

2022 წლის 31 იანვარს ხელოვენების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე ლაბორანტის პოზიციიდანაც გაათავისუფლეს.

ეკატერინე კიკნაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით 2021 წლის 27 აგვისტოს მიმართა. სარჩელით მოთხოვნილია: ლაბორანტად დანიშვნისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა ტოლფას სამუშაოზე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, განსხვავებული მოსაზრებების ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება.

ეკატერინე კიკნაძის ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.